ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა

რას ნიშნავს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა?

მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია მიწის ნაკვეთს შეეცვალოს მიზნობრიობა. კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაყვანილ იქნეს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთად და პირიქით.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეეცვალოს მიწის ნაკვეთს მიზნობრივი დანიშნულებ?

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა შეიძლება განხორციელდეს დასაბუთებული საჭიროების არსებობის შემთხვევაში.

ხოლო, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით შეცვლა დასაშვებია, თუ დასტურდება, რომ ეს მიწის ნაკვეთი ამ მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება.

 

ექვემდებარება თუ არა  მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა საკომპენსაციო თანხის გადახდას?

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისათვის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი იხდის საკომპენსაციო თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მდებარეობს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში ან/და ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

თუ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიის საზღვრებში, საკომპენსაციო თანხა 1 ჰექტარზე იქნება 100 000 ლარი, ხოლო ქალაქ თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის - 1 ჰექტარზე 34 001 ლარი. საკომპენსაციო თანხა გადაიხდება მიწის ნაკვეთის ფართობის პროპორციულად.

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისთვის საკომპენსაციო თანხის გადახდა არ მოითხოვება.

 

რომელი ორგანო ახორციელებს მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას?

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

სააგენტო უფლებამოსილია, სივრცითი დაგეგმარების პირობების გათვალისწინებით, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, მიმართოს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოს ან/და შესაბამის მუნიციპალიტეტს.  

მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილების დასაბუთებულობის საკითხის წინასწარი შეფასებისა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნის შემუშავების მიზნით, სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის სამუშაო ჯგუფს კომისიის სახით, რომელშიც თავად არ მონაწილეობს. 

კომისია განცხადებებს/ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს იხილავს მათი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით, ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, და დასკვნას ამტკიცებს 15 დღის ვადაში. თუ კომისიის მიერ განცხადების/ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის განხილვისას აღმოჩნდა, რომ აუცილებელია, მოპოვებულ იქნეს დამატებითი ინფორმაცია, კომისია შეაჩერებს საკითხის განხილვას. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი სამსახური დაუყოვნებლივ მოითხოვს განმცხადებლისაგან მიწის მიზნობრივი დანიშნულების შესაცვლელად აუცილებელ ინფორმაციას, რომელიც კომისიას უნდა წარედგინოს მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში. ამ შემთხვევაში, კომისია მომდევნო სხდომაზე განაახლებს საკითხის განხილვას და უზრუნველყოფს დასკვნის დამტკიცებას. კომისიის ნებისმიერი დასკვნა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება სააგენტოს თავმჯდომარეს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს დასკვნის წარდგენიდან 5 დღის ვადაში. 

 

 რეგისტრაციის წესი და პირობები 

მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ასლი;
  • დასაბუთებული განცხადება მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საჭიროების შესახებ, შესაბამისი დოკუმენტაციის თანხლებით;
  • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის შემთხვევაში, ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ მიწის ნაკვეთი ამ მიზნით არ გამოიყენება და შესაძლებელია მისი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენება;
  • სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოს დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ან დასაბუთებული განცხადება, რომლის საკუთრებაშიც არის მოცემული მიწის ნაკვეთი;
  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საკომპენსაციო თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში);
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი. 

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე. 

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 დამატებითი ინფორმაცია 

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  • ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.