Phone
ხშირად დასმული კითხვები

 რა არის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან?

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი არის  საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, ინდივიდუალური მეწარმის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის (მუდმივი დაწესებულების, წარმომადგენლობის) შესახებ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში არსებული მონაცემების შემცველი, კანონით  დადგენილი წესით შედგენილი დოკუმენტი.

 ვისზე და რა შემთხვევაში გაიცემა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან?

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე შესაბამისი მოთხოვნისას. ასევე, მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევისა).

 რას ასახავს ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან?

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ასევე, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრებში ძალაში მყოფ მონაცემებს.

 ვის შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის დაწყების შესახებ?

მეწარმე იურიდიული პირის პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას (ლიკვიდატორები).

 რა სავალდებულო ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული სუბიექტის რეორგანიზაციის პროცესის დაწყებისას?

სუბიექტის რეორგანიზაციის დაწყების მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში მიეთითოს რეორგანიზაციის სახე და ინფორმაცია რეორგანიზაციის შედეგების შესახებ. რეორგანიზაციის დაწყების შესახებ  განცხადების წარდგენასთან ერთად, მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარედგინოს ინფორმაცია საზოგადოების ცნობილი კრედიტორებისა და მათი დაკმაყოფილების ვადების შესახებ.

რა მომენტიდან ითვლება საწარმოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაციის პროცესის დაწყებულად?

პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.  პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

 რომელი მეწარმე იურიდიული პირების რეგისტრაცია ხორციელდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში?

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში ხორცილედება შემდეგი მეწარმე იურიდიული პირების რეგისტრაცია:

  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • კომანდიტური საზოგადოება
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • სააქციო საზოგადოება
  • კოოპერატივი

 რა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?

არასამეწარმეო (არაკომერციული) პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული,  წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული ან მისგან დამოუკიდებელი.

ვინ არის ინდივიდუალური მეწარმე?

ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც საქმიან ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. ინდივიდუალური მეწარმე არ არის იურიდიული პირი.

 რა სახით აგებს ინდივიდუალური მეწარმე პასუხს თავისი ვალდებულებებისთვის?

ინდივიდუალური მეწარმე თავისი სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი თავისი ქონებით.

 ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში ვინ არის მისი უფლებამონაცვლე? 

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

 რის მიხედვით ხდება ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია? 

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაცია ხორციელდება მის მიერ გაცხადებული მისამართის მიხედვით.

 ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისას აუცილებელია თუ არა უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ?

თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ასევე დევნილის მოწმობაში მითითებულ დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის.სხვა შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ნივთით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო ფორმით შედგენილი დოკუმენტი.

 რის საფუძველზეა შესაძლებელი ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება?

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ან თავად ინდივიდუალური მეწარმის განცხადების ან ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების, გარდაცვალილად ან ქმედუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში.

ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების, გარდაცვალილად ან ქმედუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში რეგისტრაციის  გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება გარდაცვალების მოწმობა ან ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალილად/ქმედუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში – სასამართლოს გადაწყვეტილება.

შესაძლებელია თუ არა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლის ცვლილება? 

საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული დამფუძნებლის ცვლილების შესაძლებლობას. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც  საზოგადოების წესდების შესაბამისად,  უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის დამფუძნებელი /დამფუძნებელთა საერთო კრება. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დამუძნებლის, როგორც მმართველის/მმართველობითი ორგანოს წევრის ცვლილების რეგისტრაცია.

 არის თუ არა შესაძლებელი არასრულწლოვანი დარეგისტრირდეს ინდივიდუალურ მეწარმედ, სამეწარმეო სუბიექტის პარტნიორად ან ხელმძღვანელ პირად?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები (ქმედუნარიანობა), წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. სრულწლოვანია პირი, რომელმაც მიაღწია თვრამეტი წლის ასაკს.

სამოქალაქო კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის თანახმად, თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულებრივ ურთიერთობებში იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება.

საწარმოს გაძღოლის ნებართვა საჭიროებს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობას მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმებით. 

რაც შეეხება არასრულწლოვნის მიერ საზოგადოებაში წილის (აქციის) ფლობას, აღნიშნულთან დაკავშირებით მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ისეთ შეზღუდვას, როგორიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთან შეთანხმება და საკმარისია მხოლოდ კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის) თანხმობა.