ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
სუბიექტის ელ. ფოსტის მისამართის/ტელეფონის ნომრის/იურიდიული მისამართისაგან განსხვავებული მისამართის რეგისტრაცია / Registration of entity’s e-mail address/phone number/address different from the Legal address

For English version please click here

რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი არის სუბიექტის ის ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი,  რომელზედაც შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა.

იურიდიული მისამართისგან განსხვავებული მისამართი არის სუბიექტის მიერ მითითებული ის მისამართი,  რომელზეც მიღებული გზავნილიც ჩაბარებულად ჩაითვლება.

რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად ჩაბარებულ შეტყობინებად.

სუბიექტისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის მისამართის ქონა. 

რეგისტრაციის წესი და პირობები

რეგისტრაციის მიზნით დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებს.

სარეგისტრაციოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);

2. დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი, ბინადრობის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი) ასლი;

3. უფლებამოსილი პირის/ორგანოს სათანადო წესით მიღებული და დამოწმებული გადაწყვეტილება; 

4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმეტი 20 ლარი (1 სამუშაო დღის ვადაში).

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასური და ვადა შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღე - 50 ლარი

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

დაჩქარებული მომსახურების  შემთხვავაში (განცხადების შეტანის დღეს)  ვადის ათვლა  იწყება განცხადების რეგისტრაციისთანავე  და სრულდება ამ დღის გასვლასთან ერთად. 

დამატებითი ინფორმაცია 

თუ დაინტერესებულ პირს სარეგისტრაციო წარმოებაში მონაწილეობის მიღება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად.

დაინტერესებული პირის მიერ ინგლისურენოვანი ამონაწერის მოთხოვნის შემთხვევაში 20 ლარი ემატება მომსახურების იმ საფასურს, რო­მელთან ერთადაც მოთხოვნილია ინგლისურენოვანი ამონაწერის მომ­ზადება.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერცული) იურიდიული პირების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www.napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.