Phone
ისტორია

ბიზნესის რეგისტრაციის სისტემა საქართველოში პირობითად ორ პერიოდად იყოფა: 1994 წლამდე და 1994 წლის შემდგომ. 1994 წლამდე ქვეყანაში პირთა რეგისტრაციის ცენტრალიზებული სისტემა არ არსებობდა, ე.წ. კოოპერატივებს კი თვითმმართველობები არეგისტრირებდნენ. დარგის მოწესრიგების აუცილებლობა მოგვიანებით გაჩნდა, რასაც  მეწარმეთა შესახებ კანონის შემუშავება მოჰყვა. ეს კანონი  მეწარმეებისთვის ახალ სამართლებრივ ნორმებსა და სტანდარტებს აწესებდა.

1994 წლის შემდეგ ბიზნესის რეგისტრაციას უკვე სასამართლო აწარმოებდა, რომელიც გადაწყვეტილებას არა ადმინისტრაციული აქტის, არამედ სასამართლო დადგენილების სახით გამოსცემდა, ამიტომ პროცესი სამართლის ჩარჩოებს სცდებოდა.

გარდა ამისა,  იქმნებოდა სხვა პრობლემებიც: ბიზნესის რეგისტრაციისას ხშირად დოკუმენტები - შეუსაბამო, წარმოდგენილი მონაცემები კი არასწორი იყო. შემდეგ  ეს დოკუმენტები ტომრებში იყრებოდა და სასამართლოების სარდაფებში ლაგდებოდა, რაც საქმეების მოძიებას ართულებდა. საიდენტიფიკაციო კოდების ხელით შევსების  გამო,  შეცდომებიც ხშირად ხდებოდა. ამას გარდა, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია გაყოფილი იყო,  რის გამოც ბიზნესის დარეგისტრირების მსურველ პირს ორ უწყებაში მისვლა და ერთი და იგივე დოკუმენტების  ორჯერ წარდგენა უწევდა, რაც პროცესს კიდევ უფრო ართულებდა.

2005 წლიდან საგადასახადო და სახელმწიფო რეგისტრაცია გაერთიანდა. მთლიანი ფუნქცია კი სასამართლოებიდან შემოსავლების სამსახურს გადაეცა. გადაწყვეტილებების მიღებაც უკვე შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით ხდებოდა, თუმცა ამ ფაქტმა პრობლემების დიდ ნაწილი კვლავაც ვერ მოაწესრიგა.

მიუხედავად იმისა, რომ  ბიზნესის რეგისტრაციის შემოსავლების სამსახურში გადატანა პროგრესული ნაბიჯი იყო, მას მაინც ბევრი ხარვეზი ახლდა: ვერ მოხერხდა დოკუმენტების სამართლებრივი ანალიზის მაღალი სტანდარტის დანერგვა. სწორედ ამ პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო  რეფორმის ავანგარდში იყო. სააგენტო დარგს განვითარების კუთხით სულ სხვა პერსპექტივას სთავაზობდა.