ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს განეკუთვნება ის მიწის ნაკვეთები, რომელთა გამოყენება ხდება სასოფლო–სამეურნეო მიზნით. ასეთია: საძოვარი, სათიბი, სახნავი (მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი.

იმისათვის, რომ კონკრეტულ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდეს/წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია მოხდეს ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მესაკუთრეს თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი.

საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მესაკუთრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

ეს დოკუმენტებია:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად/სათანადო წესით დამოწმებული ასლი (საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის მიღება–ჩაბარების აქტი, ცნობა/ინფორმაცია სახელმწიფო არქივიდან, რეფორმის შედეგად გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა, ამონაწერი საკომლო წიგნიდან, საგადასახადო სია, საკუთრების მოწმობა და სხვა);
  • მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები).

სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემების დაზუსტება (გარდა თვითმმართველი ქალაქების  ადმინისტრაციულ საზღვრებში და რეკრეაციულ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 4 სამუსაო დღის ვადაში.

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 

 დამატებითი ინფორმაცია

  • თუ მესაკუთრეს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუტრების უფლების რეგისტრაციისათვის.
  • 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებულია სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთზე უცხოელების და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირების საკუთრების უფლების რეგისტრაცია.