ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე

რა არის საქორწინო ხელშეკრულება

მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას). თუმცა მეუღლეებს შეუძლიათ საკუთრებისთვის კანონით დადგენილი ეს წესი შეცვალონ საქორწინო ხელშეკრულების დადების გზით, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას.

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც უკვე არსებულ, ისე მომავალში შეძენილ ქონებაზე. მეუღლეებს შეუძლიათ გააერთიანონ მთელი თავიანთი ქონება ანდა დაადგინონ თითოეულის წილობრივი ან განცალკევებული საკუთრება ქონებაზე. მეუღლეებს ასევე უფლება აქვთ განსაზღვრონ ქონება, რომელიც გადაეცემა თითოეულს ქორწინების შეწყვეტისას. 

აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ისეთი პირობები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს. ასევე საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება–მოვალეობანი შვილების მიმართ, აგრეთვე საალიმენტო მოვალეობანი და დავის შემთხვევაში - სასამართლოში მიმართვის უფლება.

დაინტერესებული მეუღლის განცხადების საფუძველზე, პატივსადები მიზეზების არსებობისას, სასამართლოს შეუძლია შეცვალოს საქორწინო ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებენ ერთ-ერთ მეუღლეს.

საქორწინო ხელშეკრულების დადების წესი

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინების რეგისტრაციამდე, ისე მისი რეგისტრაციის შემდეგ ნებისმიერ დროს. აღსანიშნავია, რომ საქორწინო ხელშეკრულება, რომელიც დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ძალაში შედის ქორწინების რეგისტრაციიდან.

საქორწინო ხელშეკრულება იდება წერილობით და დასტურდება სანოტარო წესით. 

საქორწინო ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს ნებისმიერ დროს მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. მხოლოდ ერთ–ერთი მეუღლის ცალმხრივი უარი საქორწინო ხელშეკრულებაზე დაუშვებელია.

საქორწინო ხელშეკრულება ასევე წყდება განქორწინებისას.

რეგისტრაციის წესი და პირობები

საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (ერთ–ერთმა მეუღლემ) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სანოტარო წესით დამოწმებული საქორწინო ხელშეკრულება.

საქორწინო ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისას – შეთანხმება საქორწინო ხელშეკრულებაში ცვლილების ან მისი შეწყვეტის შესახებ.

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში)

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 

 დამატებითი ინფორმაცია

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.