ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე

რა არის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით მარჩენალი მოვალეა გადაუხადოს სამისდღეშიო სარჩო   სარჩენს მთელი სიცოცხლის მანძილზე (თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს).

სამისდღეშიო სარჩოს ოდენობა და გადახდის ვადები დგინდება მხარეთა შეთანხმებით.

სამისდღეშიო სარჩო შეიძლება დადგინდეს ფულადი ან ნატურალური სახით (ბინით, კვებით, მოვლით და სხვა აუცილებელი დახმარებით). ნატურალური სარჩოს გადახდის ხელშეკრულებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ ნატურალური სარჩოს შეცვლა ფულით.

სამისდღეშიო სარჩოს გადახდა შეიძლება საცილო გახადონ სხვა პირებმა, რომელთაც ჰქონდათ კანონიერი უფლება მიეღოთ სარჩო მარჩენალისაგან, მაგრამ ვერ მიიღეს იმის გამო, რომ მარჩენალი იხდის სამისდღეშიო სარჩოს.

როცა სარჩენი მარჩენალს გადასცემს უძრავ ქონებას, მაშინ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად მას აქვს იპოთეკის უფლება ამ ქონებაზე.

მარჩენალისათვის გადაცემული ქონების შემთხვევით დაღუპვა ან დაზიანება არ ათავისუფლებს მას სარჩოს გადახდისაგან.

სარჩენის სიცოცხლეში მარჩენალს უფლება არა აქვს გაასხვისოს,დააგირაოს ან სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება სარჩენის წერილობითი თანხმობის გარეშე. მარჩენალის ვალების გამო გადახდევინების მიქცევა ამ ქონებაზე დაუშვებელია.

მარჩენალის გარდაცვალებისას რჩენის ვალდებულება გადადის მის იმ მემკვიდრეებზე, რომლებმაც მიიღეს გადაცემული ქონება. მემკვიდრის მიერ ამ ვალდებულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ეს ქონება უბრუნდება სარჩენს. ამ დროს ხელშეკრულება წყდება.

 სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადების წესი

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით. უძრავი ქონების გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. 

როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.

გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნაზღაურდება (თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული).

 რეგისტრაციის წესი და პირობები

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მარჩენალმა ან სარჩენმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სანოტარო წესით დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება უძრავი ნივთის გადაცემის თაობაზე;

სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ცვლილების ან შეწყვეტის რეგისტრაციისას – სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაში ცვლილების ან მისი შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში)

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 

 დამატებითი ინფორმაცია 

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის.