ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
როგორ დავარეგისტრიროთ საკუთრების უფლება მემკვიდრეობის საფუძველზე

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლას სხვა პირზე/პირებზე (მემკვიდრეებზე). არსებობს მემკვიდრეობის ორი სახე: კანონით და ანდერძით მემკვიდრეობა. კანონით მემკვიდრეობა გამოიყენება მაშინ, როდესაც მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდრეძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდრო ქონების ნაწილს, ან თუ ანდერძი მართალია იყო დატოვებული მამკვიდრებლის მიერ, მაგარამ იგი მთლიანად ან ნაწილობრივ გაუქმდა (ბათილად იქნა ცნობილი).

იმისათვის, რომ მემკვიდრეობის საფუძველზე კონკრეტულ ქონებაზე წარმოიშვას საკუთრების უფლება, აუცილებელია ნოტარიუსის მიერ გაიცეს სამკვიდრო მოწმობა რომელიც შეიძლება იყოს გაცემული ან კონკრეტულ ქონებაზე/ქონებებზე ან/და ე.წ ზოგადი ხასიათის და სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მოხდეს საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაიცემა როგორც  კანონით მემკვიდრეზე, ასევე ანდერძის არსებობის შემთხვევაში). მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება მემკვიდრეს (ახალ მესაკუთრეს) თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს (გაყიდოს, გააჩუქოს, იპოთეკით დატვირთოს და ა.შ.) მის საკუთრებაში მემკვიდრეობის საფუძველზე გადასული ქონება.

მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა/მემკვიდრემ უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

ეს დოკუმენტებია:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • მემკვიდრის/დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სათანადო წესით დამოწმებული და გაცემული სამკვიდრო მოწმობა ან კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტი.

შენიშვნა: თუ წარმოდგენილია ზოგადი ხასიათის სამკვიდრო მოწმობა, მაშინ მემკვიდრემ/დაინტერესებულმა პირმა ასევე უნდა წარმოადგინოს იმ უფლების დამდგენი დოკუმენტის დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც მამკვიდრებელს წარმოშობილი ჰქონდა საკუთრების/სარგებლობის უფლება.

  • თუ სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა/ნაგებობით ან მის გარეშე და საჯარო რეესტრში დაზუსტებული არ არის მისი საკადასტრო მონაცემები, ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია;

(მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვას ახორციელებენ შესაბამის რეგიონში მოქმედი საამზომველო კომპანიები)

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი

შენიშვნა: თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილია ისეთ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული საკუთრების უფლება ან/და არ იყო დაზუსტებული საკადასტრო მონაცემები (გარდა თვითმმართველი ქალაქების  ადმინისტრაციულ საზღვრებში და რეკრეაციულ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა) რეგისტრაცია წარმოებს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 4 სამუსაო დღის ვადაში.

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 

 დამატებითი ინფორმაცია

  • თუ დაინტერესებულ პირს/მემკვიდრეს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუტრების უფლების რეგისტრაციისათვის.