ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
როგორ დავარეგისტრიროთ იპოთეკის უფლება

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იპოთეკა არის მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ–ერთი საშუალება, რომელიც გულისხმობს, რომ უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა, შენობა-ნაგებობის ერთეული) შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის (მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე, შენობა-ნაგებობა, შენობა-ნაგებობის ერთეული)  რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება იპოთეკის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის (მსესხებელი, მესაკუთრე, იპოთეკარი (კრედიტორი, გამსესხებელი), მიერ ამ ხელშეკრულების საჯარო რეესტრში წარდგენის საფუძველზე.

იპოთეკის ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და დამოწმდეს ან სანოტარო წესით ან უშუალოდ იუსიტიციის სახლის/ საჯარო რეესტრის მიმღებ–ოპერატორთან.

აღსანიშნავია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკის ხელშეკრულება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. იპოთეკის ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი ვალდებულია განუმარტოს ხელშეკრულების მხარეებს ის სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მოჰყვება მათ მიერ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას. თუმცა ეს მოთხოვნა არ ვრცელდება კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მოთხოვნების უზრუნველსაყოფად დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებებზე.

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს, რომ ერთი უძრავი ნივთი შეიძლება რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით. ასეთ შეთხვევაში იპოთეკის რიგითობა განისაზღვრება იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში განცხადების რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს იპოთეკარის (კრედიტორის) საკუთრებაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული იპოთეკის ხელშეკრულებაში. თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე გააჭიანურებს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი შეიძლება გადავიდეს იპოთეკარის (კრედიტორის) საკუთრებაში, თუკი იპოთეკარი (კრედიტორი) და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის მესაკუთრე ამის თაობაზე ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საჯარო რეესტრს.

საჯარო რეესტრში შესაძლებელია განხორციელდეს როგორც იპოთეკის უფლების წარმოშობის, ისე იპოთეკის უფლებაში ცვლილების და იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.

იპოთეკის უფლების წარმოშობის რეგისტრაცია გულისხმობს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას საჯარო რეესრში. იპოთეკის უფლების წარმოშობის რეგისტრაციით პირველ რიგში დაინტერესებულია იპოთეკარი (კრედიტორი), ვინაიდან მისი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში იპოთეკარი თავად არის უფლებამოსილი მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია და ამ გზით დაიკმაყოფილოს მოთხოვნა.

იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია გულისხმობს ამ უფლებაში გარკვეული ცვლილების შესახებ მონაცემთა აღრიცხვას საჯარო რეესრში. აღნიშნულის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც იპოთეკის ხელშეკრულების მხარეებს სურთ ხელშეკრულების რომელიმე პირობის შეცვლა.

იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია გულისხმობს ამ უფლების შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას საჯარო რეესტრში.

იპოთეკის უფლების წარმოშობის,იპოთეკის უფლებაში ცვლილების და იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები.

 ეს დოკუმენტებია:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სათანადო წესით დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

იპოთეკის უფლებაში ცვლილების რეგისტრაციისას წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი შეთანხმება ან ხელშეკრულება იპოთეკის უფლებაში რომელიმე პირობის ცვლილების შესახებ. ხოლო  იპოთეკის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციისას შესაბამისი შეთანხმების ან ხელშეკრულების გარდა ასევე შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს იპოთეკარის (კრედიტორის) წერილი იპოთეკის შეწყვეტის რეგისტრაციის შესახებ.

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 

 დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც რეგისტრაციისათვის.