ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
როგორ დავარეგისტრიროთ იჯარის უფლება

რა არის იჯარა

იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით.

მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.

იჯარის ერთ–ერთი სახეა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარა, რომლის დროსაც მიწის ნაკვეთი სასოფლო–სამეურნეო მიზნით გადაეცემა სამეურნეო გამოყენებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელ ან სამეურნეო ნაგებობებთან (საწარმოსთან) ერთად ან ასეთი ნაგებობის გარეშე.

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარაზე ვრცელდება იჯარის წესები.

სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობით.თუ ეს ფორმა არ არის დაცული, მაშინ ივარაუდება, რომ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით.

მოიჯარის ვალდებლება

მოიჯარეს არ აქვს უფლება მეიჯარის თანხმობის გარეშე მესამე პირს ქვეიჯარის უფლებით გადასცეს ქონება.

მოიჯარე პასუხს აგებს ასევე მეიჯარის წინაშე იმისათვის, რომ ქვემოიჯარემ (დამქირავებელმა) ნივთი სხვანაირად გამოიყენა, ვიდრე ეს მეიჯარის მიერ იყო ნებადართული. მეიჯარეს შეუძლია უშუალოდ შეაჩეროს ქვემოიჯარის (დამქირავებლის) მიერ ქონების ამგვარად გამოყენება.

თუ არ არის განსაზღვრული იჯარის ვადა, მაშინ ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ საიჯარო წლის ბოლოსათვის. იგი შეიძლება მოიშალოს საიჯარო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

იჯარის რეგისტრაციის სავალდებულობა

იჯარის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულოა ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იჯარის ხელშეკრულების ერთ–ერთი მხარე არის კერძო სამართლის იურიდიული პირი (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, სოლიდარული პასუხიმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი და არასამეწარმეო იურიდიული პირი) და ხელშეკრულება დადებულია ერთ წელზე მეტი ვადით (მათ შორის, თუ დადებულია მცირევადიანი ხელშეკრულებები და მათი საერთო ვადა აღემატება 1 წელს).

სხვა შემთხვევაში იჯარის უფლების წარმოშობისთვის სავალდებულო არ არის ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

იჯარის უფლების რეგისტრაცია ხორციელდება იჯარის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის (მეიჯარე, მოიჯარე) მიერ ამ ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე. იჯარის ხელშეკრულება შიეძლება დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით და ხელშეკრულების მხარეთა ხელმოწერები დამოწმდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან იუსტიციის სახლის თანამშრომლების მიერ.

იჯარის უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნებისმიერ ოფისს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სათანადო წესით დამოწმებული იჯარის ხელშეკრულება.
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი

4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი

შენიშვნა: იჯარის უფლების შეწყვეტი რეგისტრაცია 4 სამუშაო დღის ვადაში ხორციელდება მომსახურების საფასური გარეშე.

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე. 

 

 დამატებითი ინფორმაცია 

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუტრების უფლების რეგისტრაციისათვის. 
  • თუ იჯარის უფლების მქონე არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, მაშინ იჯარის უფლების წარმოშობის, ამ უფლებაში ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაცია ხორციელდება მომსახურების საფასურის გარეშე.