ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საკუთრების უფლების რეგისტრაცია ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე

რა არის ჩუქება

ჩუქება არის ურთიერთობა ორ მხარეს (მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს) შორის, რა დროსაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

აღსანიშნავია, რომ პირს უფლება არა აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს.

ასევე    არ შეიძლება ჩუქების ხელშეკრულების დადება სამეურვეო (სამზრუნველო) პირის სახელით.

თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი.

რაც შეეხება საჩუქრის დაპირებას, იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული.

 ჩუქების ხელშეკრულების დადების/მოშლის წესი

უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

ჩუქების ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც სანოტარო წესით, ასევე მარტივი წერილობითი ფორმით. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერა მოწმდება იუსტიციის სახლის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ.

მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც (შეწირულობა).თუ დასაჩუქრებული პირობას არ შეასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, იგი შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.

ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს.

არსებობს კიდევ ერთი გარემოება, როდესაც შესაძლოა გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა. კერძოდ, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ . გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.

 რეგისტრაციის წესი და პირობები

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისათვის, დაინტერესებულმა პირმა (მჩუქებელმა ან დასაჩუქრებულმა) უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლს, ნოტარიუსს ან სხვა ავტორიზებულ პირს.

სარეგისტრაციოდ წარსადგენი დოკუმენტები:

  • განცხადება (აღნიშნული ივსება შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში უშუალოდ დოკუმენტების მიმღები ოპერატორის მიერ);
  • დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • სათანადო წესით დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება.

ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ცვლილების და შეწყვეტის რეგისტრაციისას – შეთანხმება ჩუქების ხელშეკრულებაში ცვლილების ან ჩუქების გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი.

  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი – 50 ლარი (4 სამუშაო დღის ვადაში)

შესაძლებელია ასევე დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაც. ამ შემთხვევაში მომსახურების საფასურის და ვადები შემდეგნაირია:

განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი

ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი

სარეგისტრაციო ვადის ათვლა იწყება განცხადების შეტანის/რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე. ეს წესი არ ვრცელდება მომსახურების დაუყოვნებლივ და განცხადების შეტანის დღეს მიღების შემთხვევებზე.

თუ მომსახურება უნდა განხორციელდეს განაცხადის შეტანიდან 1 სამუშაო დღის ვადაში,  სარეგისტრაციო ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის 9.00 საათზე იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მომსახურების მიღების თაობაზე განაცხადი შემოტანილია არაუგვიანეს 12.00 საათისა. ხოლო თუ განცხადება შემოტანილია დღის 12.00 საათის შემდეგ, ვადა დამთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეებს, ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.  

 დამატებითი ინფორმაცია 

  • თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის განხორციელება სურს არა პირადად, არამედ წარმომადგენლის მეშვეობით, ასეთ შემთხვევაში დამატებით უნდა იქნეს წარმოდგენილი სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 
  • ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რაც აუცილებელია საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. 
  • დასაჩუქრებული დაიბეგრება საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების ღირებულების 20%–ით, გარდა იმ შემთვევისა, თუ ის არის მჩუქებლის პირველი ან მეორე რიგის მემკვიდრე (შვილი, მეუღლე, მშობელი, და–ძმა). ხოლო თუ დასაჩუქრებული არის მჩუქებლის მესამე ან მეოთხე რიგის მემკვიდრე (ბებია, პაპა, ბიძა, დეიდა, მამიდა), იგი დაიბეგრემა იმ შემთხვევაში, თუ საჩუქრად მიღებული უძრავი ქონების ღირებულება არის 150 000 ლარი ან მეტი.