Phone
უძრავი ქონების რეესტრი

საქართველოში მოქმედი უძრავი ქონების რეესტრი ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე, ეფექტური, წარმატებული და ბევრი ქვეყნისთვისაა სამაგალითო სისტემაა.

საბჭოთა კავშირის ეპოქაში, კერძო საკუთრებად მხოლოდ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები მიიჩნეოდა, თუმცა მიწა, რომლებზეც ისინი იყო აშენებული, სახელმწიფოს ეკუთვნოდა. უფრო მეტიც: მოქალაქეების საკუთრებად არც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები ითვლებოდა.

90-იან წლებში საქართველოში დაწყებულმა პრივატიზაციის პროცესმა, მიწასთან და ბინებთან დაკავშირებულმა რეფორმებმა დღის წესრიგში უძრავი ქონების სფეროში არსებული მონაცემების მოწესრიგება, სისტემატიზაცია და კოორდინაცია დააყენა. აუცილებელი გახდა ისეთი ორგანიზაციის ჩამოყალიბება, სადაც ეს ინფორმაცია მთლიანად მოიყრიდა თავს.

1997 წელს მიღებულ სამოქალაქო კოდექსში სახელმწიფომ უძრავი ქონების მონაცემთა ერთიან ბაზაში - საჯარო რეესტრში თავმოყრა გაითვალისწინა. დარგის ადმინისტრირების მიზნით, მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი შეიქმნა. ამ ნაბიჯით საქართველოში რეფორმის პირველი ეტაპი დაიწყო. მიუხედავად ამისა, ტექბიუროები, რომელიც თვითმმართველობების დაქვემდებარებაში იყო, ინერციით კვლავ განაგრძობდნენ არსებობას და ბინებსა და ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე საკუთრების უფლებას არეგისტრირებდნენ. სახეზე იყო ფუნქციათა დუბლირება, ანუ ერთი და იგივე ფუნქციას რეალურად სხვადასხვა უწყებები ასრულებდნენ, ისე, რომ მათ შორის არ არსებობდა არანაირი კოორდინაცია. ამ პირობებში დარგის განვითარების ერთიან პოლიტიკაზე საუბარიც კი არ შეიძლებოდა.

2002-2003 წლებში, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იმატა მოქალაქეების მხრიდან უფლებათა რეგისტრაციის მოთხოვნამ. მათი დიდი ნაწილი უკვე ცდილობდა, კორუფციაზე აგებული სისტემისთვის თავი აერიდებინა. ნელ-ნელა დღის წესრიგში საბჭოური გადმონაშთების - ტექბიუროების გაუქმების და დარგის ერთ სისტემაში თავმოყრის საკითხიც დადგა, რამაც შემდგომი ინსტიტუციური რეფორმები განაპირობა.

2004 წელს   მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი, მოგვიანებით კი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროებიც გაუქმდა. უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციისთვის ახალი უწყება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო შეიქმნა. მიწის მართვის დეპარტამენტსა და ტექბიუროებში დაცულმა ინფორმაციამ თავი მთლიანად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოიყარა, მიწის ადმინისტრირების ფუნქციები კი სხვადასხვა უწყებებს გადაეცათ. ამ ცვლილებებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საშუალება მისცა, უფრო მეტად მოქნილი და კონკრეტულ სფეროზე ფოკუსირებული გამხდარიყო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შექმნა საქართველოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოწესრიგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა, თუმცა მას მემკვიდრეობით მძიმე პრობლემები ერგო: არ არსებობდა უწყების სრულფასოვნად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გამართული ინფრასტურქტურა, მოწესრიგებული საკანონმდებლო ბაზა, ორგანიზაცია განიცდიდა მაღალკვალიფიციური, რეფორმებზე ორიენტირებული კადრების დეფიციტს, რაც მომსახურების დაბალ კულტურას და კორუფციის მაღალ მაჩვენებელს განაპირობებდა. რიგები და მიუღებელი პასუხები მომხმარებელთა მხრიდანაც კი ჩვეულ მოვლენად აღიქმებოდა. ფრაზა - „ქონების რეგისტრაცია“ ყოველთვის დროში გაწელილ, უამრავ ბიუროკრატიულ პროცესთან და პროცედურასთან ასოცირდებოდა. მოქალაქეები სარეგისტრაციო დოკუმენტებს სააგენტოში მხოლოდ დღის პირველ ნახევარში აბარებდნენ და მომზადებულ დოკუმენტს დღის მეორე ნახევარში, ამავე სარკმლით იღებდნენ. როგორც ტექნიკურ, ასევე სამართლებრივ კონსულტაციასაც არავინ გასცემდა. „ნაცნობობითა“ და კორუფიციული გარიგებით, ყოველგვარი რიგის გარეშე საბუთების ჩაბარება და მიღება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკა იყო.

ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას სარეგისტრაციო სამსახურებში რიგების კიდევ უფრო ზრდა მოჰყვა, რაც მომსახურების დროსა და ხარისხზე უარყოფითად მოქმედებდა. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმის განსახორციელებლად ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადაიდგა, დაბალი სამართლებრივი კულტურა კვლავაც სირთულეებს ქმნიდა.

არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნა. ამ მიზნით უწყებაში ძირეული ცვლილებები დაიგეგმა და რეფორმების გატარება ოთხი ძირითადი - საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური მიმართულებებით დაიწყო.

საკანონმდებლო რეფორმა

ინსტიტუციური რეფორმა 

ადმინისტრაციული რეფორმა 

ტექნოლოგიური რეფორმა