Phone
ბიზნესის რეესტრი

მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირდება:

  • ინდივიდუალური მეწარმე
  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
  • კომანდიტური საზოგადოება
  • სააქციო საზოგადოება
  • კოოპერატივი
  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
  • სსიპ რელიგიური გაერთიანება
  • უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი (წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება)

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე რეგისტრაციის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

მეწარმე სუბიექტი, არასამეწარმეო იურიდიული პირი ან უცხო ქვეყნის საწარმოსა და არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი(წარმომადგენლობა, მუდმივი დაწესებულება) წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამ სუბიექტების არსებობა დგინდება მხოლოდ ამონაწერით აღნიშნული რეესტრიდან.

 ამონაწერი

გადაწყვეტილებას რეგისტრაციის შესახებ  თან ერთვის ამონაწერი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება შეეხება რეგისტრაციის გაუქმებას). რეგისტრირებული მონაცემების არსებობისას ამონაწერი გაიცემა შესაბამისი მოთხოვნის დროს, ნებისმიერ პირზე.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი არა მარტო მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს ასახავს, არამედ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა და მოვალეთა რეესტრების საფუძველზე და ამ რეესტრებში არსებულ ძალაში მყოფ მონაცემებსაც მოიცავს.

შპს და კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში, ამონაწერი ასევე შეიცავს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესახებ.

მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი მზადდება ქართულ ენაზე, მოთხოვნის შემთხვევაში − ინგლისურ ენაზეც. ინგლისურ ენაზე ამონაწერის მიღებისას სავალდებულოა მისი ქართულ ენაზე მომზადებაც.