ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის სამუშაოებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე გაეცნო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის სამუშაოებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი გაეცნო. სოფელ ლამბალოში, დუზაგრამასა და თულარში სააგენტოს თავმჯდომარე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ექიზაშვილი და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საველე პროცესის მიმდინარეობას დააკვირდნენ.


საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა თავმჯდომარეს საკადასტრო აზომვის ტექნიკურ საკითხებზე და სამუშაო პროცესში უპილოტო საფრენი აპარატის - დრონის - გამოყენების მნიშვნელობაზე ინფორმაცია გაუზიარეს. უახლესი თაობის უპილოტო საფრენი აპარატი 10-სმ-იანი რეზოლუციის აეროგადაღებას და მაღალი ხარისხის სიზუსტით ორთოფოტოს მომზადებას უზრუნველყოფს, რაც საჯარო რეესტრს სამუშაო პროცესების დაჩქარების, სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, საკადასტრო ნახაზების და სხვა საველე მონაცემების ორთოფოტოზე გადამოწმების შესაძლებლობას მისცემს.

ვიზიტის დასასრულს თავმჯდომარემ საველე ჯგუფებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ამზომველების შეფასებით გამოვლენილ 10 საუკეთესო ამზომველს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში: ქალაქ საგარეჯოში, ნინოწმინდაში, წყაროსთავში, გიორგიწმინდაში, ყანდაურაში, შიბლიანში, იორმუღანლოში, ლამბალოში, თულარსა და დუზაგრამაში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. სააგენტოს საამზომველო ჯგუფებმა ათივე არეალზე უკვე დაასრულეს საველე-საკადასტრო ინფორმაციის შეგროვება. ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით, სულ აიზომა 12 ათასზე მეტი მიწის ნაკვეთი.

შეგახსენებთ, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ხუთი დასახლებიდან, რომელიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №1085 განკარგულების საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციისათვის შეირჩა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სისტემური რეგისტრაციის პროექტს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებს.