ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გეოგრაფიულ მონაცემებზე წვდომის აქტუალური საკითხები ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს
 
საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების (NSDI) აქტუალური საკითხები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. ონლაინ შეხვედრას გეოსივრცითი მონაცემების ძირითადი მწარმოებელი და მომხმარებელი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და გეოგრაფიული მონაცემების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო კონსულტანტები ესწრებოდნენ.

ონლაინ შეხვედრაზე საერთაშორისო კონსულტანტებმა მოწინავე ქვეყნების პრაქტიკაზე და საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით სივრცითი ინფორმაციის გამოყენების შემთხვევები განიხილეს და გეომონაცემების შექმნის სოციალურ-ეკონომიკური გავლენები შეაფასეს. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) ჩამოყალიბება ევროკავშირის მოთხოვნაა, რომელსაც ის წევრ სახელმწიფოებს უყენებს.   ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და ურთიერთთავსებადი გეოგრაფიული მონაცემების არსებობა და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება საქართველოსთვისაც პრიორიტეტულია   კრიზისული და საგანგებო სიტუაციების სამართავად,  ტრანსპორტის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების და სხვა სექტორების ეფექტიანად ადმინისტრირებისთვის.   შეხვედრის შემეჯამებელი ნაწილი ქვეყანაში სივრცითი მონაცემების ძირითად მწარმოებელ და მომხმარებელ სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და გეომონაცემების გაზიარების საკითხებზე დისკუსიას დაეთმო.