ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
გეოსივრცითი მონაცემების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
 
სივრცითი მონაცემების ინტეგრირებული მართვის საკითხებთან დაკავშირებით ნორვეგიის კარტოგრაფიული ორგანოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ონლაინ შეხვედრაში საერთაშორისო კონსულტანტებთან ერთად, ქვეყანაში სივრცითი მონაცემების ძირითადი მწარმოებელი და მომხმარებელი სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 
 
შეხვედრაზე მხარეებმა გეოსივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეაფასეს, გამოწვევებსა და სამომავლო ხედვაზე იმსჯელეს. ამასთან, უცხოელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს მსოფლიოში დანერგილი ინოვაციური მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.
 
მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ მართვისა და დაგეგმარების პროცესში ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ურთიერთთავსებადი გეოგრაფიული მონაცემებისა და ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, ისეთ სექტორებში, როგორებიცაა: საგანგებო სიტუაციების მართვა, ტრანსპორტი, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, ურბანული დაგეგმარება, უძრავი ქონების ადმინისტრირება და სხვ. ამდენად, უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაღრმავება და მონაცემების გაზიარების ერთიან პრინციპებზე ჩამოყალიბება მხარეებისთვის პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრა.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ნორვეგიული მხარის დახმარებით ახორციელებს პროექტს „რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“, რომელიც აეროგადაღების მასალებზე დაყრდნობით, ციფრული კარტოგრაფიული მასალის - ვექტორული, საბაზისო რუკის შექმნას ითვალისწინებს. ამასთან, როგორც სივრცითი მონაცემების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი, საჯარო რეესტრი უწყებებს შორის სივრცითი მონაცემების გაზიარების პროცესსაც უწევს კოორდინაციას, ხოლო სააგენტოს მიერ წარმოებული გეომონაცემები კი ყველა სახელმწიფო უწყებისთვისაა ხელმისაწვდომი.