ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
შინდისის, ნიქოზისა და ურბნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში,  გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების შინდისის, ნიქოზისა და ურბნისის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის განხორციელება დაიწყო.

10 აგვისტოდან 19 აგვისტოს ჩათვლით ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია  სოფელ შინდისის საჯარო სკოლასა და სოფელ ურბნისის  მერის წარმომადგენლის შენობებში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის პირველადი საჯარო გამოცხადებისთვის მოწყობილ სივრცეებში, მიწის ნაკვეთების, უფლების დამდგენი დოკუმენტებისა და უფლებამოსილი პირების შესახებ საარქივო მონაცემებს გაეცნოს და განაცხადები შეავსოს,  რის შემდეგაც საჯარო რეესტრის საველე ჯგუფები, მესაკუთრეების ჩართულობით, ნაკვეთების საკადასტრო აზომვას ახდენენ და მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერების ოქმებს შეავსებენ.

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის პროექტი ეტაპობრივად ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე განხორციელდება, სადაც სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს მსოფლიო  ბანკის მიერ დაფინანსებული “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტის ფარგლებში.  

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტისა და მისი განმახორციელებლის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის N1085 განკარგულების საფუძველზე,    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციას ეტაპობრივად კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, 5 მუნიციპალიტეტის  28 ადმინისტრაციულ ერთეულში განახორციელებს. კერძოდ:

  • თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დურნუკის, ჩხიკვთას, ასურეთის, ბორბალოს, ჯორჯიაშვილის, კოდას, მარაბდას, წინწყაროს, გოლთეთის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გარდაბნის მუნიციპალიტეტის კუმისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
  • ქარელის მუნიციპალიტეტის რუისის, ურბნისის, ბრეთის და გიგანტის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანის და ნიქოზის ადმინისტრაციულ ერთეულებში;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ქალაქ საგარეჯოს, ნინოწმინდას, წყაროსთავის, გიორგიწმინდას, ყანდაურას, შიბლიანის, იორმუღანლოს, ლამბალოს, თულარის და დუზაგრამას ადმინისტრაციულ ერთეულებში.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ ფარგლებში, მონაცემების პირველადი გამოცხადება დასრულებულია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. საველე საკადასტრო სამუშაოები კი იორმურანლოს, ლამბალოს, დუზაგრამას, თულარის და შიბლიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.

 მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, შერჩეულ დასახლებებში სისტემური წესით კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდება.   საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვას არ დაელოდება და ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, როგორიცაა: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების  დარეგისტრირება –  საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს.  პროექტი კერძო მესაკუთრეებს საშუალებას მისცემს მიწის ნაკვეთები მარტივად და უფასოდ დაირეგისტრირონ,  შეძლონ რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვა და ეკონომიკური სარგებლის მიღება. 

მიწის სისტემური რეგისტრაცია ასევე იმ 7 მაღალმთიან დასახლებაშიც ხორციელდება, რომელიც იუსტიციის მინისტრის  2020 წლის 3 ივლისის №562 ბრძანების არის განსაზღვრული.

მიწის რეგისტრაციის რეფორმა, რომელმაც სარეგისტრაციო პროცედურები გაამარტივა და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადა, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით,  2016 წელს დაიწყო და წარმატებით ხორციელდება.  რეფორმის მიმდინარეობის 4–წლის მანძილზე დაახლოებით იგივე ოდენობის მიწის ფართობი დარეგისტრირდა, რაც  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან რეფორმის დაწყებამდე, ანუ 25–წლიან პერიოდში.  რეფორმის მიზანია საქართველოში, გარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულისა, ყველა მიწის ნაკვეთი დარეგისტრირდეს და  ქვეყნის გეოგრაფიული ტერიტორია კადასტრით სრულად დაიფაროს.