ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
„საჯაროდ შეტყობინება“ – ახალი საინფორმაციო ფანჯარა საჯარო რეესტრის ვებგვერდზე
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე ახალი ფანჯარა „საჯაროდ შეტყობინება“ განთავსდა, რომლის საშუალებითაც სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ საჯაროდ აცნობონ ამავე უძრავი ნივთის უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირებს ნივთის გაყიდვის გადაწყვეტილების შესახებ.
კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მისი ნაწილის) უპირატესი შესყიდვის უფლებით ამავე მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები ან  მოიჯარეები სარგებლობენ (თუ იჯარის უფლების რეგისტრაციიდან არანაკლებ 2 წელია გასული).  უპირატესი შესყიდვის უფლებით არ სარგებლობენ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული პირები.
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ კანონის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებით დაინტერესებული პირი ვალდებულია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირს შეტყობინება დაზღვეული წერილით, ფოსტის მეშვეობით გაუგზავნოს, ან  სხვა, ურთიერთშეთანხმებული წესით  ჩააბაროს.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ  სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის გაყიდვისას მესაკუთრე ვერ ახერხებს  უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირ(ებ)ის ინფორმირებას, რადგან შეტყობინება საქართველოში არსებულ რეგისტრაციის მისამართზე ვერ ბარდება, ან მისამართი ვერ დგინდება, ან  საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციით ზუსტად ვერ დგინდება მესაკუთრე, მას შესაძლებლობა ეძლევა  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართოს და სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით შეტყობინება  საჯაროდ  გამოაქვეყნოს.
შეტყობინებაში, ნასყიდობის საგანთან ერთად უნდა იქნას მითითებული უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების ვადა (რაც 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს), და ინფორმაცია უპირატესი შესყიდვის უფლების მქონე პირის მიერ კანონით დადგენილი  შესასრულებელი ვალდებულებების თაობაზე. 
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის თანამესაკუთრის/მოიჯარის უპირატესი შესყიდვის უფლებასთან დაკავშირებული რეგულაციები 2020 წლის 1–ლი ივლისიდან ამოქმედდა. 
სასოფლო მიწების გაყიდვისას საჯარო შეტყობინებების კანონით დადგენილი წესით გამოქვეყნება კანონის ეფექტურად აღსრულების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. 
საჯაროდ შეტყობინების საინფორმაციო ფანჯარა განთავსებულია ბმულზე: https://napr.gov.ge/announcement