ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
სამეწარმეო რეესტრის ელექტრონულ სერვისებს თელაველი მეწარმეები გაეცნენ

GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის  ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ამჯერად ქალაქ თელავს ეწვივნენ და ბიზნესრეესტრის ელექტრონულ სერვისებზე პრეზენტაცია იუსტიციის სახლში გამართეს.  ადგილობრივი მეწარმეები  ბიზნესის რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებზე  ინფორმაციას,  დეტალურ ინსტრუქციას და უპირატესობებს გაეცნენ.

ბიზნესსუბიექტის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების, ბიზნესსუბიექტის რეორგანიზაციის, რეგისტრაციის გაუქმების, ამონაწერის განახლების, ინფორმაციის მიღებისა და სხვა მოთხოვნებით  განცხადებების შეტანა დაინტერესებულ პირებს პორტალზე www.my.gov.ge  შეუძლიათ.   პორტალზე ბიზნესსერვისები შინაარსის მიხედვით არის დაჯგუფებული, რაც მომხმარებლებს სასურველი მომსახურების არჩევასა და მისით სარგებლობას უადვილებს.

საჯარო რეესტრი ინოვაციურ ელექტრონულ სერვისს სთავაზობს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სამართლებრივი ფორმით რეგისტრირებულ კომპანიებსაც.   შპს-ების პარტნიორებს შეუძლიათ პარტნიორთა კრებები ონლაინ სივრცეში მოიწვიონ, ჩაატარონ და გადაწყვეტილებები მიიღონ,  ელექტრონულ დოკუმენტზე კი ხელმოწერები  ელექტრონულადვე განახორციელონ. 

ელექტრონული სერვისები  დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს.  

საინფორმაციო შეხვედრაზე  მეწარმეებს ID ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისებით სარგებლობისას,  ელექტრონული ხელმოწერის შესრულებაა შესაძლებელი.

სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანია GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში.