ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე-აღწერითი სამუშაოები მიმდინარეობს

ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში, საველე-აღწერითი სამუშაოები  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლის ტიპის დასახლებებში მიმდინარეობს. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მუშაობენ და როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში აღწერენ.

სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების სანავიგაციო და სამისამართო მონაცემების საველე წესით აღწერა ეროვნული სანავიგაციო პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების მეორე ეტაპია.  ამ დროისათვის,  საჯარო რეესტრის საველე ოპერატორებმა საველე აღწერით სამუშაოები უკვე დაასრულეს საგარეჯოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 100 სოფელში. პროექტის პირველი ეტაპზე კი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა,  ქვეყანაში  ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი იქნა აღწერილი.

საველე სამუშაოების პარალელურად,  საჯარო რეესტრში შეგროვებული მონაცემების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით დამუშავება  და ხარისხის კონტროლი მიმდინარეობს. დამუშავებულ  მონაცემებს საჯარო რეესტრი ეროვნული სანავიგაციო მონაცემთა ბაზის შესაქმნელად გამოიყენებს. ამას გარდა, სააგენტოს მონაცემებს მსოფლიო ლიდერი სანავიგაციო კომპანია TomTom თავის პროდუქტებში: ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტკომპიუტერებში და სხვა სანავიგაციო პროდუქტებში ასახავს.

სანავიგაციო მონაცემები მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს და ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.  გამართული სამისამართო სისტემის არსებობა გააუმჯობესებს მოსახლეობისთვის სხვადასხვა ტიპის მომსახურების მიწოდებას, როგორიცაა პიროვნებასთან დაკავშირებული სერვისები, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა.