მემორანდუმი გაფორმდა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება საინჟინრო გეოდეზიის, გეოინფორმაციის, კარტოგრაფიის, კადასტრის, სივრცითი ინფორმაციის, ტოპოგრაფიის, გრავიმეტრიის, საამზომველო/აგეგმვითი საქმიანობისა და მომიჯნავე მეცნიერებების მიმართულებით. თანამშრომლობის სრულყოფის მიზნით შეიქმნება საკონსულტაციო ჯგუფი.

ურთიერთობა საჯარო უწყებასა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის ხელს შეუწყობს სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიციური კადრების მომზადებას.

მემორანდუმს ხელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა - დავით გურგენიძემ მოაწერეს.

„უნივერსიტეტის სტუდენტების პროფესიული გაძლიერების, მათი კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მემორანდუმის ფარგლებში შეიქმნება პრაქტიკული სასწავლო კურსი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, დასაქმდნენ როგორც საჯარო რეესტრში, ისე სხვა ორგანიზაციებში“ - აღნიშნა დავით დევიძემ.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან თანანშრომლობის შედეგად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შრომით ბაზარს ბევრად კონკურენტუნარიან და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს შესთავაზებს.