ონლაინ შეხვედრა

მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე ქართულ დიასპორასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა დიასპორის წარმომადგენლებისათვის მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას და პროცესში ემიგრანტთა ჩართულობას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვას.

თავმჯდომარის მოადგილემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დამსწრეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მონაწილეებმა რეფორმის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

დისტანციურ შეხვედრაში საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს დიდ ბრიტანეთში, შოტლანდიასა და ნიდერლანდების სამეფოში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა.

რეფორმის ფარგლებში, უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, დისტანციურად მიიღონ მონაწილეობა სარეგისტრაციო პროცესში.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა ოკუპირებული ტერიტორიისა და თვითმმართველი ქალაქებისა: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ფოთი).

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში, სრულიად უფასოდ, დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule