ვიზიტი დუბაიში

საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფებოდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია უძრავი ქონების მართვის საკითხებზე დუბაის მიწის მართვის დეპარტამენტის საქმიანობასა და ტექნოლოგიურ მიღწევებს გაეცნო. სააგენტოს წარმომადგენლებმა ორგანიზაციის საქმიანობის, მიმდინარე რეფორმებისა და მიღწევების შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს.

ვიზიტის ფარგლებში, დუბაის მიწის მართვის დეპარტამენტმა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისპროვაიდერმა - „უძრავი ქონების გადაწყვეტები“ (Real Estate Solutions), უძრავი ქონების სექტორში დანერგილი ტექნოლოგიური თანამშრომლობის ფორმები ქართულ მხარეს გაუზიარა.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ციფრული მმართველობის, მომსახურების კომერციალიზაციის, გონიერი კონტრაქტებისა და თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) გადაწყვეტის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.

საინფორმაციო შეხვედრის გარდა, გასვლითი ტურის ფარგლებში, სააგენტოების წარმომადგენლებმა უძრავი ქონების წამყვანი დეველოპერული კომპანია „ემარის“ (EMAAR) უძრავი ქონების ტრანზაქციების განხორციელების მექანიზმი პრაქტიკაში იხილეს, ამასთან, თამლეეკის სარეგისტრაციო სამსახურში უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და სხვა სარეგისტრაციო პროცედურებს გაეცნენ.

ქართული დელეგაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის დავით დევიძის ხელმძღვანელობით, სააგენტოს სხვადასხვა დეპარტამენტის მენეჯერებისა და საქართველოს ციფრული მმართველობის სააგენტოს წარმომადგენლებისგან იყო დაკომპლექტებული.

მსგავსი ტიპის სამუშაო ვიზიტი თანამშრომლობის გაღრმავებას, საერთაშორისო პრაქტიკისა და ტექნოლოგიური მიღწევების გაცნობას ხელს შეუწყობს, რაც, თავის მხრივ, საჯარო რეესტრს მომსახურების სხვადასხვა სახის განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.