უზბეკეთის დელეგაციის ვიზიტი

სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მიმართულებით სამუშაო პრაქტიკა უზბეკეთის დელეგაციამ გაიზიარა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლობას უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდა სააგენტოს საქმიანობასა და მიმდინარე/დასრულებული რეფორმების შესახებ.

უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმასა და ელექტრონული ოქმის აპლიკაციის პრინციპებს. საუბარი შეეხო, ასევე, დამისამართებული საქართველოს პროექტს, რომლის ფარგლებში საქართველოს ყველა სოფელი, დაბა და ქალაქი დამისამართდა.

დელეგაციამ ინფორმაცია მიიღო ევროკავშირის დირექტივებთან სააგენტოს მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის შესაბამისობასთან დაკავშირებით.

სააგენტოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის წარმომადგენელმა უზბეკეთის დელეგაციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა მიმდინარე გეოსივრცითი მონაცემების წარმოებისა და რუკების შექმნის საკითხებზე. საუბარი შეეხო უახლესი, სამგანზომილებიანი, ციფრული კარტოგრაფიული მასალის მისაღებად აეროგადაღების გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა მასპინძელ მხარეს მადლობა გადაუხადეს მათთვის საინტერესო საკითხების დეტალურად განხილვისთვის და სამომავლო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და დაგეგმარების სახელმწიფო ინსტიტუტის „Uzdavyerloyiha” საქმიანობის ძირითადი მიზანია საპროექტო-კვლევითი, სამეცნიერო-კვლევითი, მონიტორინგის სამუშაოები, რომლებიც მიმართულია სახელმწიფო მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებაზე, მიწის ფორმირებასთან დაკავშირებული კომპლექსური ღონისძიების განხორციელებასა და მომსახურების გაწევაზე.