საერთაშორისო ღონისძიებები

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ნიდერლანდებში გეოსივრცითი მონაცემების წარმოებისა და რუკების შექმნის მიმართულებით საერთაშორისო მიღწევებს გაეცნო

როტერდამში გამართულ მსოფლიო გეოსივრცითი ფორუმის პანელურ სესიაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მოხსენება წარადგინა. ფორუმზე მომავალი გეოსივრცითი ეკოსისტემის, საერთაშორისო გეოსივრცითი სტრუქტურების (როგორიცაა GKI) შესახებ ცოდნის გაღრმავებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით შესაძლებლობების გაძლიერების საკითხი განიხილებოდა.

მსოფლიო გეოსივრცითი ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა და მისი მიზანი ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე გეოსივრცითი სფეროს გაძლიერებაა. ფორუმი მსოფლიო მასშტაბით 1500-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს.

სააგენტოს მეორე დელეგაცია, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ეგიდით, რუკების შექმნის მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერებასა და საგზაო რუკის ფორმირების გზებს გაეცნო. სამუშაო შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი რუკის შექმნასთან დაკავშირებით. სააგენტოს წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ რუკების შექმნის მიმართულებით ხარისხის განვითარების გზებს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, როგორც საქართველოში გეოსივრცითი სფეროს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი უწყების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ხელს უწყობს ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას.