შეხვედრა ნიუ-იორკში

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს - ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

აღინიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნაა, რომელიც თანაბრად უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო სერვისების მიწოდებას.

თამარ ტყეშელაშვილმა ისაუბრა საჯარო მმართველობის რეფორმის 2023-2026 წლების და საჯარო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის მნიშვნელობაზე. ორივე დოკუმენტის ფარგლებში საქართველო აგრძელებს საჯარო სერვისების განვითარებას, რაც უზრუნველყოფს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გაზრდის ეფექტურობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისები გაერო-ს საჯარო სამსახურის 2024 წლის ჯილდოებზეა წარდგენილი.

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ხელშესახებ პროგრესს ეფექტური, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ანგარიშვალდებული სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნაში.

შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო მომსახურების მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და გაღრმავებაზე.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე.