მიწის კონფერენცია 2024

მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე სესია „ჩემპიონი მთავრობების წარმატების სტრატეგიები“ მიწის რეგისტრაციის სფეროში საქართველოს გამოცდილებას დაეთმო

მიწის რეფორმის ქართული მოდელი აშშ-ში, ქ. ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო ღონისძიების მონაწილეებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ ტყეშელაშვილმა გააცნო. სესიას მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

თამარ ტყეშელაშვილმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის − „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ საპილოტე პროექტის შესახებ ისაუბრა.

მსოფლიო ბანკის მისიის შეფასებით, პროექტის ფარგლებში შექმნილი სისტემური რეგისტრაციის მეთოდოლოგია და ტექნოლოგიური გადაწყვეტები სამაგალითოა და საქართველოს აქვს მაღალი პოტენციალი იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებს ექსპერტული მხარდაჭერა გაუწიოს.

საპილოტე პროექტის შედეგად მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, 2022 წლიდან სახელმწიფოს დაფინანსებით მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელიც 2024 წელს დასრულდება. პროექტის ფარგლებში უკვე 1 000 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი აიზომა, 700 000-ზე მეტ მიწის ნაკვეთზე კი, საკუთრების უფლება დარეგისტრირდა. ყოველდღიურად, საშუალოდ, 4000 მიწის ნაკვეთი იზომება.

თამარ ტყეშელაშვილმა ყურადღება გაამახვილა მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვის მნიშვნელობაზე და დამსწრეებს წარუდგინა ქართული ინოვაციები, რომელთა საშუალებით მიწის სისტემური რეგისტრაციის პროცესი სრულად ელექტრონული, შესაბამისად, მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფი და მოქნილი გახდა. ამასთან, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი „გონიერი კონტრაქტი“, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით დისტანციურად დადონ გარიგებები უძრავ ქონებაზე, გადაიხადონ ნასყიდობის საფასური და დაარეგისტრირონ უფლება.

მსოფლიო ბანკის კონფერენციაზე წარმოდგენილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საგამოფენო სივრცე. მიწის ადმინისტრირების სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ სესიებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი დავით დევიძე სხვა ქვეყნებს ქართულ გამოცდილებას მიმდინარე ღონისძიების მომდევნო დღეებშიც გაუზიარებს.