GITI -ის დაჯილდოება

საჯარო რეესტრის IT პროექტი “გონიერი კონტრაქტი” ყველაზე წარმატებული IT ინოვაციის ჯილდოს მფლობელი გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს IT პროექტმა - ,,გონიერი კონტრაქტი" სერვისების გამარტივებაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონული კონკურსის “GITI 2023”, ნომინაციაში - “ყველაზე წარმატებული IT ინოვაცია, გამოხატული ბიზნეს პროცესის გამარტივებაში“ გამარჯვებულია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტ ,,გონიერი კონტრაქტის" სისტემის დანერგვა მხარეებს საშუალებას მისცემს, ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება ციფრულ ფორმატში, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან დისტანციურად განახორციელონ და ქონება ელექტრონულად, განაწილებული სააღრიცხვო სისტემის მეშვეობით, საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, დაცულად დაირეგისტრირონ. ,,გონიერი კონტრაქტის" საშუალებით უძრავი ქონების შეძენით დაინტერესებული პირი ფულადი ტრანზაქციის განხორციელების შემდგომ, პარალელურად, საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების ოფიციალურ ამონაწერს მიიღებს.

„საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2024 წლიდან, საკუთრების რეგისტრაციის ტრანზაქციების ,,გონიერი კონტრაქტის" სისტემას კიდევ უფრო გაამარტივებს. პროექტის ახალი ფაზა გულისხმობს მოქალაქეების ონლაინ ავთენტიფიკაციას, იმისთვის რომ მოხდეს საკუთრების ყიდვა ან გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად“ - განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო დონის ღონისძიებაზე, რომელიც წელს მეცამეტედ ჩატარდა, სააგენტო ყოველწლიურად სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი ხდება.

ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების რეგიონულ კონკურსზე “GITI 2023” საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოც მონაწილეობდა, რომელმაც ჯილდო „წლის საუკეთესო IT მენეჯმენტის“ ნომინაციაში მიიღო.