ელექტრონული სერვისები

საჯარო რეესტრის ელექტრონული სერვისების დანერგვისა და მართვის გამოცდილებას საერთაშორისო ფორუმზე გაეცნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთში გამართულ საერთაშორისო ევრაზიულ ფორუმზე „The StrategEast State and IT Eurasian Forum“ მონაწილეობა მიიღო.

სააგენტოს წარმომადგენელმა პლენარულ დისკუსიაზე „სახელმწიფო და ინფორმაციული ტექნოლოგიები“ ღონისძიების მონაწილეებს უწყებაში ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებსა და მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია გაუზიარა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფორმაციას „ელექტრონული ოქმის“, ბლოკჩეინისა და სმარტ კონტრაქტების შესახებ.

საჯარო რეესტრი ტექნოლოგიური მიღწევების მიმართულებით რეგიონში მოწინავე უწყებაა. სააგენტო მუდმივად ორიენტირებულია ტექნოლოგიურ განვითარებაზე და მიმდინარე პროექტების ფარგლებში ქვეყანაში ინოვაციურ პრაქტიკას ნერგავს.

მოქალაქეებს სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად საჯარო რეესტრის 185 ელექტრონულ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ დროით რესურსს და ამარტივებს პროცესებს.

საერთაშორისო ორგანიზაცია „StrategEast“-ის ორგანიზებით და USAID-ის და ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით დაგეგმილი საერთაშორისო ევრაზიული ფორუმი „StrategEast State and IT“ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციაა, რომელიც გლობალური და ადგილობრივი IT კომპანიების, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და განვითარების სააგენტოების წარმომადგენლებს აერთიანებს.

ფორუმში ევრაზიის ქვეყნების სახელმწიფო უწყებები, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, გლობალური ინფორმაციული ტექნოლოგიური კომპანიების, ფონდების, საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები და ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის საერთაშორისო ექსპერტები მონაწილეობენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს ევრაზიის ქვეყნებში ინფორმაციული ტექნოლოგიების სექტორის საერთო შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, კანონმდებლობის, საგადასახადო და ინსტიტუციური გამოწვევების პრაქტიკული გადაწყვეტის შეთავაზებას, საერთაშორისო ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებისა და ფონდების მოზიდვას ინფორმაციული ტექნოლოგიების ინდუსტრიის პოტენციალის გაძლიერებისთვის რეგიონში, ასევე, საუკეთესო პრაქტიკის, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას საჯარო უწყებებსა და კერძო სტრუქტურებს შორის.

მსგავსი ტიპის ფორუმებზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჩართულობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციური და ტექნოლოგიური მიმართულებების გაძლიერებას ქვეყანაში.