შეხვედრა ახმეტაში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახმეტის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ვახტანგ ბოხაშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერსა და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს შეხვდა და მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტივობები დეტალურად გააცნო. შეხვედრაზე მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარეობის შესახებ, სადაც მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამუშაო შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში. განვიხილეთ ყველა გამოწვევა, რაც დაკავშირებულია მიწის ნაკვეთების აზომვასთან, საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან. ახმეტის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოდგენილია დიდი საამზომველო ჯგუფით. აქტიურად მიმდინარეობს აზომვითი სამუშაოები. მოსახლეობა ჩართულია და მუნიციპალიტეტიც დიდ მხარდაჭერას უწევს ამ პროცესს“- განაცხადა ვახტანგ ბოხაშვილმა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.