შეხვედრა ბაღდათში

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე დავით დევიძე სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დამსწრეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის აქტივობები დეტალურად გააცნო. ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება მიწის ნაკვეთები.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქტიურ სამუშაოებს აწარმოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის მიზნით. ამ ეტაპზე უკვე აზომილია 7000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი. მიმდინარეობს აქტიური საკომუნიკაციო კამპანია როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ჩართულობით, ისე საჯარო რეესტრის თანამშრომლები კარდაკარ აცნობენ მოსახლეობას, თუ როდის ჩატარდება საამზოველო სამუშაოები. იქმნება ერთიანი ბაზა, რომელიც გახდება საქართველოში მოწესრიგებული სამოქალაქო ბრუნვის მთავარი საფუძველი და დაცული საკუთრების უფლების გარანტი“ - განაცხადა დავით დევიძემ.

საინფორმაციო შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.