შეხვედრა ვანში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში ვანის მუნიციპალიტეტში საამზომველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დავით დევიძემ, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, დამსწრეებს მიწის სისტემური რეგისტრაციის მიმდინარე აქტივობები დეტალურად გააცნო.

„იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმატებით აგრძელებს მიწის სისტემურ რეგისტრაციას. მთელი ქვეყნის მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით უკვე ნახევარ მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთია აზომილი და აქედან 430 ათასამდე საკუთრების უფლება რეგისტრირებული. ამჟამად სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. პროცესი ძალიან აქტიურად მიდის, მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა მაღალია. ყოველდღიურად მოსახლეობის დიდი ნაწილი ახერხებს თავისი მიწის ნაკვეთების აზომვას, ეს მონაცემები შემდეგ საჯაროდ ქვეყნდება. პროცესი ძალიან გამჭვირვალეა და უზრუნველყოფილია ის, რომ ყველა იმ პირის უფლება დარეგისტრირდეს, ვისაც მიწის ნაკვეთი ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია ვანის მუნიციპალიტეტში“ - აღნიშნა დავით დევიძემ.

სამუშაო შეხვედრას ვანის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან, საკრებულოსა და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.

მიწის სისტემური რეგისტრაცია უფასოა.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.