27 ნოემბერი 2026

საჯარო რეესტრმა ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმზე ბიზნესის რეგისტრაციის დეცენტრალიზებული ციფრული სერვისების მოდელი წარადგინა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სომხეთში გამართულ რიგით მე-7 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობდა.
ყოველწლიურ ღონისძიებაზე მონაწილეებმა იუსტიციის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმები, ციფრული ტრანსფორმაციისა და მართლმსაჯულებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხები განიხილეს.
ფორუმის ფარგლებში, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო ბარქაიამ, სესიაზე „საჯარო სერვისები ბიზნესისთვის: გამარტივებული რეგისტრაცია, კომერციული რეესტრის რეფორმები და ბიზნესის მხარდაჭერა“ ბიზნესის რეგისტრაციის ქართული მოდელი და ინოვაციური ციფრული სერვისები წარადგინა.
სიტყვით გამოსვლისას ნინო ბარქაიამ აღნიშნა, რომ სააგენტოში დანერგილია საჯარო სერვისების სრულად ციფრული და მომხმარებელზე ორიენტირებული დეცენტრალიზებული მოდელი, რომელიც მოქალაქეებს გამარტივებულ და სანდო მომსახურებებს სთავაზობს.
ყურადღება გამახვილდა უძრავი ქონების ტოკენიზაციის პროექტზე და დისტანციურ სერვისებზე, რომლებიც ბიზნესტრანზაქციებს კიდევ უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის.
ფორუმის საერთაშორისო აუდიტორიამ დეტალური ინფორმაცია მიიღო მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შექმნილ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციურ სერვისზე "გონიერი კონტრაქტი", რომელიც ხელშეკრულების გაფორმების, საბანკო ოპერაციებისა და რეგისტრაციის ეტაპებს ერთიან პროცესში აერთიანებს და მხარეებს გარიგების დისტანციურად შესრულების შესაძლებლობას აძლევს. სერვისი უძრავი ქონების გარიგებებთან ერთად ინდივიდუალური მეწარმეების რეგისტრაციასაც მოიცავს და მისი გამოყენებით უკვე 900-ზე მეტი რეგისტრაცია განხორციელდა.
სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები: ლანა მორგოშია, თამარ ზოდელავა და ლაშა მაღრაძე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძე. აგრეთვე, ორი ქვეყნის მთავრობების ადმინისტრაციის, გენერალური პროკურატურების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებებსა და ციფრულ ტრანსფორმაციაზე მომუშავე სპეციალისტები.