7 ოქტომბერი 2026

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაციის (EBRA) კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
 
ქალაქ ბრიუსელში გამართული კვირეულის მონაწილეები სამეწარმეო სამართლის, ღია მონაცემებისა და ბიზნესრეესტრების კიბერუსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს გაეცნენ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლებმა ევროპის ქვეყნებში ბიზნესრეესტრების განვითარების უახლესი პრაქტიკა, მიმდინარე ინიციატივები და ტექნოლოგიური სიახლეები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ბიზნესრეესტრების ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და უსაფრთხოების გაძლიერების საკითხებს.
საქართველო ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანაა, სადაც რეგისტრაცია ერთი პროცედურით, იმავე დღეს არის შესაძლებელი. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ბიზნესის რეგისტრაციის მოდელი სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა, რაც არაერთი საერთაშორისო რეიტინგით დასტურდება.
ევროპის ბიზნესის რეესტრების საერთაშორისო ასოციაცია სამეწარმეო მიმართულებით ერთადერთი საერთაშორისო ასოციაციაა ევროპის მასშტაბით და აერთიანებს ევროპის ქვეყნების 40-ზე მეტ რეესტრს. ასოციაცია ხელს უწყობს ევროპის ქვეყნების ბიზნესის რეესტრების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ბიზნესის რეესტრების სიახლეების, ძირითადი ინიციატივების და ტენდენციების შესახებ ინფორმირებულობას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ამ გაერთიანების (ყოფილი ECRF) წევრია და მის ღონისძიებებში ყოველწლიურად მონაწილეობს, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობის, არამედ ქართული ბიზნესრეესტრის გამოცდილების ევროპელ პარტნიორებთან გაზიარებისა და საერთაშორისო პროფესიულ ქსელში საქართველოს აქტიური პოზიციონირებისთვის.
ღონისძიებაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი სოფიკო ჭავჭანიძე და მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი მონაწილეობდნენ.