გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესიის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის პოლიტიკის კოორდინაციის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწეს ბიორგ სანდკერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წლის ივნისში, თბილისში გამართულ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით გაიმართა. აღინიშნა, რომ ფორუმის წარმატებით მასპინძლობა საქართველოსა და გაეროს შორის პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო და საერთაშორისო დონეზე საქართველოს საჯარო მმართველობისა და საჯარო სერვისების განვითარების გამოცდილება წარმოაჩინა.
მხარეებმა ასევე განიხილეს გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის ღონისძიებაზე საქართველოს აქტიური მონაწილეობა და ქვეყნის მზარდი როლი გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის პროცესებში.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნის წარმატებული გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გეოსივრცითი მართვის მიმართულებით, რომელსაც სააგენტო საერთაშორისო დონეზე უფრო აქტიურად გამოიყენებს.
თამარ ზოდელავამ მადლობა გადაუხადა გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტს საქართველოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. ხაზი გაუსვა გაეროსთან პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა საჯარო მმართველობის, ციფრული ტრანსფორმაციისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებებით.
გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის მე-16 სესია 5-7 აგვისტოს ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა და მასში წევრი სახელმწიფოების მაღალი დონის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები მონაწილეობდნენ