24 ივნისი 2026

მიწის მართვა, ციფრული ტრანსფორმაცია-გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის შესაძლებლობები საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
სიახლის სურათი 3
სიახლის სურათი 4
სიახლის სურათი 5
სიახლის სურათი 6
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (UN DESA) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმში მონაწილეობს.
 
თემატური შეხვედრის ფარგლებში, იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა და სააგენტოს წარმომადგენელი - მსოფლიო ბანკის „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციის და მიწის“ პროექტის მიწის ადმინისტრირების მომსახურების გაუმჯობესების და ციფრული მმართველობის ინფრასტრუქტურის შექმნის კომპონენტის მენეჯერი ელენე გრიგოლია სახელმწიფო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებსა და დარგის ექსპერტებს შეხვდნენ.
 
სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტები და წარმატებული რეფორმები გააცნეს და მიწის ადმინისტრირების, მიწის მართვისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროებში არსებული ინოვაციების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
 
ელენე გრიგოლიამ ყურადღება გაამახვილა მიწის სისტემური რეგისტრაციის სრულად ციფრულ პროცესზე, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების ეტაპებსა და პირველ მულტიფუნქციურ ეროვნულ გეოპორტალზე. ასევე დამსწრეებს გააცნო საჯარო რეესტრის ინოვაციური სერვისი - გონიერი კონტრაქტი, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს უძრავი ქონების გარიგებების დადება და ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია დისტანციურად, უსაფრთხოდ და მარტივად შეუძლიათ.
 
შეხვედრას ავსტრალიის, ტაილანდის, ბრაზილიის, განას და ნეპალის მიწის ადმინისტრირებისა და გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.
 
სააგენტოსთვის საჯარო სერვისების გაეროს ფორუმსა და მაღალი რანგის თემატურ შეხვედრებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა განაგრძოს თანამედროვე, ხელმისაწვდომი და მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისების განვითარების პროცესი.