29 მაისი 2026

საჯარო რეესტრმა გეოსივრცითი ტექნოლოგიების განვითარების ქართული მოდელი გეოგრაფიული ასოციაცია "EuroGeographics"-ის ასამბლეის მონაწილეებს გააცნო

სიახლის სურათი 0
სიახლის სურათი 1
სიახლის სურათი 2
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როგორც გეოსივრცითი მონაცემების ერთ-ერთმა მსხვილმა მწარმოებელმა უწყებამ, „ევროგეოგრაფიკსის“ გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.
 
ბელგიაში გამართულ ღონისძიებაზე სააგენტოს დელეგაცია ასოციაციის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს და მიმდინარე წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაეცნო.
 
 
პანელური სესიის - „გეოსივრცითი მონაცემები ძლიერი, უსაფრთხო, წარმატებული და კონკურენტუნარიანი ევროპისთვის“ - ფარგლებში, სააგენტომ პარტნიორ უწყებებს გეოსივრცითი მონაცემების წარმოების, მათი გამოყენების გამოცდილება და სტრატეგიული ხედვები გაუზიარა.
 
სააგენტოს წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს პირველ მულტიფუნქციურ გეოპორტალზე NSDI.GOV.GE რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო და კერძო სექტორის სივრცითი მონაცემების ერთიან სისტემატიზაციას.
 
ღონისძიებაზე დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ევროპის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე, ევროკავშირის გეოსივრცით ინიციატივებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე, რომლებიც მონაცემთა ხარისხსა და ხელმისაწვდომობას აუმჯობესებს.
 
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2010 წლიდან ასოციაცია „ევროგეოგრაფიკსის“ წევრია, რომელიც ევროპის მასშტაბით 46 ქვეყნის 60-ზე მეტ კარტოგრაფიის, კადასტრის და მიწის რეგისტრაციის უწყებას აერთიანებს.