საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო ბანკის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენციაზე უძრავი ქონების კვლევით მიმართულებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე და მსოფლიო ბანკის პროექტის მენეჯერი, ელენე გრიგოლია უგანდის რესპუბლიკის მიწის, საცხოვრებელი და ურბანული განვითარების სამინისტროს მუდმივ მდივან დორკას ვაგიმა ოკალანს შეხვდა.
შეხვედრაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ქართული გამოცდილება განიხილეს. საჯარო რეესტრის წარმომადგენელმა, ელენე გრიგოლიამ უგანდელ კოლეგებს სისტემური და სპორადული რეგისტრაციის დეტალები გააცნო და ინფორმაცია მიაწოდა საველე ციფრული აპლიკაციის შესახებ, რომელიც ამზომველებსა და რეგისტრატორებს რეალურ დროში აკავშირებს.
„ქართული გამოცდილება უგანდის რესპუბლიკას ეხმარება მიწის მართვის სისტემის გაუმჯობესებაში. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი ცოდნა გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს ციფრული სერვისებისა და გონიერი კონტრაქტის მიმართულებით“, განაცხადა თამარ ზოდელავამ.
უგანდის დელეგაციამ ქართულ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს გამოცდილება საჯარო სერვისების ეფექტიანობის კუთხით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.