8 დეკემბერი 2025

ბლოკჩეინ ქსელზე მონაცემების გადატანის ახალი კონცეფცია ქვეყანაში საკუთრების უფლებას კიდევ უფრო დაცულს გახდის

news_image
news_image
news_image
news_image
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მომსახურებაში უახლესი და მაღალტექნოლოგიური სისტემის დანერგვის მიზნით ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის Hedera-ს წარმომადგენლებთან აქტიური სამუშაოები დაიწყო.
 
სამუშაო შეხვედრას წინ უძღოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო პლატფორმას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც საჯარო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
 
მემორანდუმის ფარგლებში საჯარო რეესტრისა და საერთაშორისო კომპანიის ექსპერტებისგან სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდა, რომელიც მონაცემების ბლოკჩეინ ქსელზე გატანის ახალ შესაძლებლობებზე იმუშავებს. ინოვაციური პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყანაში საკუთრების უფლება კიდევ უფრო დაცული გახდება, ხოლო პროცესები მეტად სანდო და გამჭვირვალე იქნება.
 
საჯარო რეესტრმა, როგორც ერთ-ერთმა ინოვაციურმა უწყებამ, მოწვეულ სტუმრებს სააგენტოს მნიშვნელოვან პროექტებზე ინფორმაცია გაუზიარა, თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრა და სხვადასხვა სამსახურის სამუშაო პროცესის მიმდინარეობა ადგილზე გააცნო.
 
მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების მიერ მართვადი პლატფორმა Hedera, უზრუნველყოფს უსაფრთხოების ფენებს ხელოვნური ინტელექტისთვის, ციფრულ გადახდებს, ტოკენიზაციას და სხვას.