იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, პროდუქტების კომერციალიზაციის გამოცდილების მისაღებად და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა.
ვიზიტის ფარგლებში ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი მოიცავს მრავალმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის: უწყების წარმომადგენლებს შორის ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობას, ამასთან ერთად მემორანდუმის მნიშვნელოვანი კომპონენტი ერთობლივი პროექტებისა და სასწავლო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელებაა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, საჯარო რეესტრის სისტემები და სერვისები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა,ასევე, საჯარო რეესტრს აქვს თანამედროვე სერვისების განვითარებისა და რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე გამოცდილების გაზიარების მაღალი პოტენციალი.
ნიდერლანდების კადასტრის, მიწის რეგისტრაციისა და კარტოგრაფიის სააგენტოსთან საჯარო რეესტრის მჭიდრო თანამშრომლობა ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
აღნიშნული სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით აღიარებულია ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ინსტიტუტად მიწის ადმინისტრირების, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI), 3D კადასტრის, გეოსივრცითი მონაცემების მართვისა და კარტოგრაფიის სფეროებში.
მხარეებს შორის შეხვედრა Kadaster-ის სათავო ოფისში, ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ აპელდორნში 1–5 დეკემბერს განხორციელდა.