საჯარო რეესტრის სივრცითი მონაცემების პირველ მულტიფუნქციურ გეოპორტალს
NSDI.GOV.GE ყირგიზეთის დელეგაცია გაეცნო
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ყირგიზეთის დელეგაციას უმასპინძლა და სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) განვითარების გამოცდილება გაუზიარა.
საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად დელეგატებს გეოსივრცითი მონაცემების განვითარების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები დეტალურად გაეცნენ სააგენტოში დანერგილ ინოვაციურ სერვისებსა და პროექტებს, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას და პირველ მულტიფუნქციურ გეოპორტალს
NSDI.GOV.GE.
ეროვნული გეოპორტალი სივრცითი მონაცემების გაზიარების საერთო პლატფორმაა, რომლის საშუალებითაც ხელმისაწვდომია საჯარო დაწესებულებების, მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, ადგილობრივი თვითმმართველობის და სხვა ორგანოს საკუთრებაში არსებული სივრცითი მონაცემები.
პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მათთვის საინტერესო საკითხები განეხილათ.
სამუშაო შეხვედრა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით გაიმართა და მასში ყირგიზეთის სამშენებლო, არქიტექტურის, საცხოვრებელი და კომუნალური მომსახურების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ძირითადი გეოსივრცითი მონაცემების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და აქტიურადაა ჩართული გეოსივრცითი სფეროს განვითარების მიმართულებით.
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა (NSDI) არის ერთიანი, კოორდინირებულად მოქმედი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო უწყებების მიერ შექმნილი სტანდარტული, სანდო და განახლებული სივრცითი მონაცემების ეფექტურ მართვასა და მათი გაზიარების გამარტივებას. აღნიშნული ინფორმაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია საერთო წვდომის პლატფორმის - ეროვნული გეოპორტალის მეშვეობით.