9 სექტემბერი 2025

გეოინფორმაციული სფეროს პოლიტიკის ძირითადმა განმსაზღვრელმა უწყებამ - საჯარო რეესტრმა - გაეროს გლობალურ სესიაზე საერთაშორისო პრაქტიკა გაიზიარა

news_image
news_image
news_image
news_image
 
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია ნიუ-იორკში გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-15 სესიაზე აქტუალურ საკითხებს გაეცნო.
სამუშაო სესიების ფარგლებში საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ბოხაშვილმა სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად მიწის ეფექტური ადმინისტრირებისა და მართვის ინტეგრირებულ გეოსივრცულ ინფორმაციასა და სტანდარტების დანერგვაზე იმსჯელა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის გეოდეზიურ, კარტოგრაფიულ და საკადასტრო მონაცემებზე პასუხისმგებელი უწყებაა, რომელიც მნიშვნელოვან ძირითად, საბაზისო გეოგრაფიულ ბაზებს ქმნის. სააგენტო კოორდინაციას უწევს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებას.
ქვეყნის მასშტაბით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმას, რისთვისაც მნიშვნელოვანია გეოსივრცითი მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობა.
სააგენტო ასევე მუშაობს UN-GGIM-ის გეოსივრცითი ინფორმაციის ინტეგრირებული სტრუქტურის (IGIF) განხორციელების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ეროვნული სივრცითი მონაცემების განვითარებას, ძირითადი გეოსივრცითი მონაცემების გაზიარებასა და ეფექტურ მართვას.
გაეროს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) სესია გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის სტატისტიკის სამსახურის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ გეოსივრცით სფეროსთან დაკავშირებული წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებები, ასევე აკადემიური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.