ვისზე და რა შემთხვევაში გაიცემა ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან?
arrow_drop_down_circle
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან
ამონაწერი გაიცემა ნებისმიერ პირზე შესაბამისი მოთხოვნისას. ამონაწერი
მზადდება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად (გარდა
რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევისა).
რომელი მეწარმე იურიდიული პირები რეგისტრირდებიან მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში?
arrow_drop_down_circle
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში
რეგისტრირდებიან შემდეგი სამეწარმეო საზოგადოებები:
სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება
კომანდიტური საზოგადოება
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
სააქციო საზოგადოება
კოოპერატივი
რა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი?
arrow_drop_down_circle
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის
მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი,
რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით
იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია
სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. მისი მიზანია
არასამეწარმეო საქმიანობა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი
შეიძლება იყოს წევრობაზე დაფუძნებული, წევრთა მდგომარეობაზე დამოკიდებული
ან მისგან დამოუკიდებელი.
ვინ არის ინდივიდუალური მეწარმე?
arrow_drop_down_circle
ინდივიდუალური მეწარმე არის ფიზიკური პირი, რომელიც საქმიან
ურთიერთობებში გამოდის საკუთარი სახელით. ინდივიდუალური მეწარმე არ არის
იურიდიული პირი.
რა სახით აგებს ინდივიდუალური მეწარმე პასუხს თავისი ვალდებულებებისთვის?
arrow_drop_down_circle
ინდივიდუალური მეწარმე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი
ვალდებულებებისთვის კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს პირადად, მთელი
თავისი ქონებით, თუ ინდივიდუალურ მეწარმესა და კრედიტორს შორის
შეთანხმებით (გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული
ხელშეკრულების სტანდარტული პირობებისა) სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.
ვინ არის ინდივიდუალური მეწარმის უფლებამონაცვლე, მისი რეგისტრაციის
გაუქმების შემთხვევაში?
arrow_drop_down_circle
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი
უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.
აუცილებელია თუ არა უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი
თანხმობა ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციისას?
arrow_drop_down_circle
თუ გაცხადებულ მისამართზე არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრე
დაინტერესებული პირია, იურიდიული მისამართის განსაზღვრისთვის დამატებითი
დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. პირადობის დამადასტურებელ
დოკუმენტში მითითებულ მისამართზე (ასევე დევნილის მოწმობაში მითითებულ
დროებით საცხოვრებელი ადგილის მისამართზე) ინდივიდუალური მეწარმის
რეგისტრაციისთვის მესაკუთრის თანხმობის ან სარგებლობის დამადასტურებელი
დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის. სხვა შემთხვევაში
მარეგისტრირებელ ორგანოს დამატებით სავალდებულოდ უნდა წარედგინოს უძრავი
ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი თანხმობა ან უძრავი ნივთით
სარგებლობის უფლების დამადასტურებელი სათანადო ფორმით შედგენილი
დოკუმენტი.
რის საფუძველზეა შესაძლებელი ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის
გაუქმება?
arrow_drop_down_circle
ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია თავად
ინდივიდუალური მეწარმის განცხადების ან ინდივიდუალური მეწარმის
გარდაცვალების, გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების
შემთხვევაში. ასევე, მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ
მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა
რამ არ არის განსაზღვრული.
ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების, გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ
დაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში რეგისტრაციის გაუქმების
დამადასტურებელი დოკუმენტი იქნება გარდაცვალების მოწმობა ან
ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვლილად/უგზო-უკვლოდ დაკარგულად
გამოცხადების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში – სასამართლოს
გადაწყვეტილება.
რა არის სტანდარტული წესდება? რომელ მეწარმე სუბიექტს შეუძლია ისარგებლოს
სტანდარტული წესდებით?
arrow_drop_down_circle
იურიდიული პირის რეგისტრაციის მიზნით, სააგენტოს სავალდებულოდ
წარედგინება ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერილი და სათანადო წესით
დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება. სადამფუძნებლო შეთანხმების
სავალდებულო შემადგენელი ნაწილია იურიდიული პირის წესდება.
შესაძლებელია დამფუძნებლებმა თავად შეიმუშავონ იურიდიული პირის წესდება.
იმ შეთხვევაში, თუ დამფუძნებლები თავად არ შეიმუშავებენ წესდებას,
შესაძლოა ისარგებლონ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი
სამართლებრივი ფორმის სუბიექტისთვის დამტკიცებული სტანდარტული წესდებით,
რომელიც მიიჩნევა სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების
ნაწილად. სტანდარტული წესდების გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მეწარმე
იურიდიულ პირს, შესაბამისი სამართლებრივი ფორმის მიხედვით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის №791 ბრძანებით
დამტკიცებული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური
საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო
საზოგადოებისა და კოოპერატივის სტანდარტული წესდებები შესაძლებელია
იხილოთ:
ბმულზე
რომელი სუბიექტების ვალდებულებაა სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის
უზრუნველყოფა?
arrow_drop_down_circle
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური
საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კოოპერატივი და
უცხოური საწარმოს ფილიალი ვალდებული არიან 2025 წლის 1 აპრილამდე
უზრუნველყონ საწარმოს ან/და ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების ამ
კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი
კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულ საწარმოს მონაცემების კანონთან
შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში
უჩერდება რეგისტრაცია, ამის შესახებ მიეთითება რეესტრში და რეესტრიდან
ამონაწერი აღარ გაიცემა. მარეგისტრირებელი ორგანო აღნიშნული საწარმოს
საიდენტიფიკაციო მონაცემებს აწვდის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს −
შემოსავლების სამსახურს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოში
მოქმედ ბანკებს. რეგისტრაციის შეჩერება გულისხმობს საწარმოს/ფილიალის
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის/პირების
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვას, აგრეთვე
რეგისტრაციაშეჩერებული საწარმოს მიერ ქონების განკარგვის, საგადასახადო
ოპერაციებში მონაწილეობის, საბანკო ანგარიშის მართვის, ახალი ანგარიშის
გახსნის, ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვის, კრედიტის აღების
შესაძლებლობის შეზღუდვას. რეგისტრაცია აღდგება მონაცემების კანონთან
შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შესრულებისთანავე. რეგისტრაციის
შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ინფორმაციის სახით ქვეყნდება
მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული
მონაცემების გვერდზე, რომელიც სპეციალურად ხელახალი რეგისტრაციის თაობაზე
ინფორმაციის განთავსებისთვის იქნება განკუთვნილი. კანონთან
შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში
მარეგისტრირებელი ორგანო 2026 წლის 1 იანვრიდან იღებს გადაწყვეტილებას ამ
ვალდებულების დამრღვევი მეწარმის რეგისტრაციის ხარვეზიანობის შესახებ და
ხარვეზის აღმოსაფხვრელად მას 3-თვიან ვადას უდგენს. შესაბამისი
ინფორმაცია ქვეყნდება მარეგისტრირებელი ორგანოს ერთიანი ელექტრონული
პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე. კანონთან შესაბამისობაში
მოყვანის ვალდებულების შესასრულებლად განცხადების დადგენილ ვადაში
წარუდგენლობის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს
გადაწყვეტილებას მეწარმის ან/და ფილიალის რეგისტრაციის გაუქმების
შესახებ.
ამრიგად, სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
ახალი კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა ევალება ყველა
ზემოაღნიშნულ სუბიექტს.
რა დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო სამეწარმეო საზოგადოების
დასაფუძნებლად და რა ფორმით უნდა იყოს დამოწმებული აღნიშნული
დოკუმენტაცია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის
შესაბამისად?
arrow_drop_down_circle
სამეწარმეო საზოგადოების დასაფუძნებლად აუცილებელია სამეწარმეო
საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმების წარმოდგენა, რომელიც შეიცავს
წესდებას. დამფუძნებლებს შეუძლიათ თავად შეიმუშავონ იურიდიული პირის
წესდება, ან ისარგებლონ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ შესაბამისი
სამართლებრივი ფორმის სუბიექტისთვის დამტკიცებული სტანდარტული წესდებით.
სადამფუძნებლო შეთანხმებების ნიმუშები, რომლებიც შესაძლებელია შეასვოს
დაინტერესებულმა პირმა მის მიერ განსაზღვრული მონაცემების შესაბამისად,
განთავსებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ
ოფიციალურ ვებგვერდზე - napr.gov.ge
სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმება წერილობით ფორმდება და
მას ხელს აწერს სამეწარმეო საზოგადოების ყველა დამფუძნებელი პარტნიორი.
საზოგადოების სადამფუძნებლო შეთანხმებაზე ხელმოწერა სანოტარო წესით
მოწმდება. ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმება სავალდებულო არ არის, თუ
იგი დადგენილი წესით დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან
მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ უფლებამოსილი სხვა ადმინისტრაციული
ორგანოს ან სხვა პირის მიერ, ან თუ ხელმოწერა შესრულებულია „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად.
სუბიექტის რეგისტრაციისათვის, ასევე წარსადგენია სამეწარმეო საზოგადოების
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი თითოეული პირის
თანხმობა აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მათი ნება გამოხატულია სამეწარმეო საზოგადოების სადამფუძნებლო
შეთანხმებაში) და კანონმდებლობით დაწესებული სარეგისტრაციო მომსახურების
საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
რა დოკუმენტების წარდგენაა საჭირო სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების
ახალ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში
მოსაყვანად?
arrow_drop_down_circle
რეგისტრირებული მონაცემების ახალ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად უფლებამოსილმა პირმა უნდა
წარმოადგინოს განცხადება აღნიშნული მოთხოვნით. განცხადებას უნდა ერთოდეს
სუბიექტის ყველა დამფუძნებლის/ პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო
წესით დამოწმებული სადამფუძნებლო შეთანხმება, რომლის შემადგენელი ნაწილიც
არის სუბიექტის წესდება. სადამფუძნებლო შეთანხმებაში სავალდებულო
სარეგისტრაციო მონაცემები მითითებული უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს ახალი კანონის შესაბამისად (სადამფუძნებლო შეთანხმებების
ნიმუშები, რომლებიც შესაძლებელია შეავსოს დაინტერესებულმა პირმა მის მიერ
განსაზღვრული მონაცემების შესაბამისად, განთავსებულია საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოს
ოფიციალურ ვებგვერდზე - napr.gov.ge).
ახალ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, პარტნიორებმა შესაძლოა
ისარგებლონ სტანდარტული წესდებით (
იხილეთ ბმულზე), რის შესახებაც უნდა მიუთითონ სადამფუძნებლო შეთანხმებაში. იმ
შემთხვევაში, თუ დამფუძნებლები თავად შეიმუშავებენ საწარმოს ახალ
წესდებას, იგი შედგენილი უნდა იყოს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს
ახალი კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
სარეგისტრაციო მონაცემების ახალ კანონთან შესაბამისობისათვის აუცილებელია
სუბიექტის პორტალზე რეგისტრაცია, კერძოდ, უნდა განისაზღვროს ავტორიზებული
მომხმარებლის გვერდის (ელექტრონული მისამართის) მართვაზე პასუხისმგებელი
ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილების მქონე პირის
მონაცემები და მის მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ საქართველოში
მოქმედი მობილური ოპერატორის მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული
ფოსტის მისამართი.
ვინაიდან ახალი კანონით დადგინდა, რომ მეწარმის იურიდიული მისამართი მისი
ფიზიკური მისამართია საქართველოს ტერიტორიაზე, სუბიექტის იურიდიული
მისამართი უნდა განისაზღვროს აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ან
უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდეს, რომ მეწარმის უკვე რეგისტრირებული
იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია.
იურიდიული მისამართის შეცვლის შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა
წარმოადგინოს უძრავი ნივთის მესაკუთრის სათანადო ფორმით შედგენილი და
დამოწმებული თანხმობა ან უძრავ ნივთზე დაინტერესებული პირის სარგებლობის
უფლების დამადასტურებელი კანონმდებლობით დადგენილი წესით შედგენილი
დოკუმენტი.
რა არის ელექტრონული პორტალი? როგორ ხდება პორტალზე რეგისტრაცია?
arrow_drop_down_circle
ელექტრონული პორტალი არის სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა,
კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე, რომელზეც ქვეყნდება რეგისტრაციის
შესახებ გადაწყვეტილებები, სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტები, სამეწარმეო საზოგადოების საერთო კრების მოწვევის შესახებ
ინფორმაცია და მეწარმის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
გამოსაქვეყნებელი სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები. ელექტრონული პორტალი
შედგება სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის
ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან. სააგენტოს რეგისტრირებული
მონაცემების გვერდზე განთავსდება სუბიექტის რეგისტრაციის შესახებ
გადაწყვეტილებები და სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული
დოკუმენტები, რომლებიც საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.
სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდი არის ერთიანი ელექტრონული
პორტალის ფარგლებში მეწარმისთვის მიკუთვნებული ელექტრონული პლატფორმა
(ელექტრონული მისამართი), რომელიც გამოიყენება სუბიექტსა და სააგენტოს
შორის კომუნიკაციისა და სუბიექტისთვის ელექტრონული სერვისების მიწოდების
მიზნით, ასევე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად,
სუბიექტის მიერ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის/დოკუმენტაციის საჯაროდ
განსათავსებლად.
რეესტრში სუბიექტის პირველადი რეგისტრაციისას, ერთიან ელექტრონულ
პორტალზე სააგენტო ქმნის სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდს −
ელექტრონულ მისამართს, რომელიც მოქმედებს აღნიშნული სუბიექტის
გაუქმებამდე. უკვე რეგისტრირებული სუბიექტის შემთხვევაში, პორტალზე
რეგისტრაცია შესაძლებელია საწარმოს სხვა მონაცემების ცვლილების
რეგისტრაციის მოთხოვნით წარმოდგენილი განცხადების თანადროულად, ან
კონკრეტულად პორტალზე რეგისტრაციის მოთხოვნით განცხადების წარმოდგენით.
ელექტრონული მისამართის შექმნისთვის სავალდებულოა სადამფუძნებლო
შეთანხმებაში მიეთითოს სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის
მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონის ნომერი და
ელექტრონული ფოსტის მისამართი. სადამფუძნებლო შეთანხმებაში მობილური
ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება არ არის
სავალდებულო, თუ სააგენტოში სარეგისტრაციო განცხადება წარმოდგენილია
უშუალოდ სუბიექტის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამ
შემთხვევაში მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი
მიეთითება სარეგისტრაციო განცხადებაში. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე მეტი
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, მობილური ტელეფონის ნომერი,
ელექტრონული ფოსტის მისამართი და ელექტრონული პორტალის ავტორიზებული
მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი
განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია საერთო კრების მიერ, სადამფუძნებლო
შეთანხმებით.
ვინ არის ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის
მართვასა და კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების
გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი და რა შედგები შეიძლება მოჰყვეს
აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობას?
arrow_drop_down_circle
ელექტრონული პორტალის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მართვასა და
კანონით განსაზღვრული სავალდებულო მონაცემების გამოქვეყნებაზე
პასუხისმგებელია სუბიექტის ხელმძღვანელი პირი. თუ სუბიექტს ჰყავს ერთზე
მეტი ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი, მობილური ტელეფონის ნომერი,
ელექტრონული ფოსტის მისამართი და ელექტრონული პორტალის ავტორიზებული
მომხმარებლის გვერდის მართვაზე უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირი
განისაზღვრება მათი შეთანხმების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც ასეთი პირი განსაზღვრულია საერთო კრების მიერ, სადამფუძნებლო
შეთანხმებით. მეწარმის ან საზღვარგარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის
ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი პასუხისმგებელია „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული გამოსაქვეყნებელი
მონაცემების/დოკუმენტების სააგენტოსთვის მიწოდებაზე. აღნიშნული
ვალდებულების შეუსრულებლობისათვის სანქციების დადგენის წესი, სახეები და
ჯარიმის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით.
რა ფორმით უნდა დამოწმდეს რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი
წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
(მინდობილობა)?
arrow_drop_down_circle
„მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით დადგინდა,
რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოითხოვს სანოტარო წესით
დამოწმებას ან ხელმოწერის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო
მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნებისათვის დაინტერესებულმა
პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით დამოწმებული ან „ელექტრონული
დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად შესრულებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
ვინ არის უფლებამოსილი მოითხოვოს საწარმოს რეგისტრირებულ მონაცემებში
ცვლილების შეტანა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის შესაბამისად?
arrow_drop_down_circle
რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის საფუძველია სამეწარმეო
საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
მიმართვა, თუ წესდებით ან ამ ცვლილების რეგისტრაციის საფუძვლად
წარდგენილი გარიგებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
წილის გასხვისების შემთხვევაში, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების
შეტანა შეიძლება აგრეთვე წილის გამსხვისებელი პარტნიორის ან შემძენის
მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო მემკვიდრეობის შემთხვევაში −
მემკვიდრის/მემკვიდრეების მოთხოვნის საფუძველზე.
სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საიდენტიფიკაციო
მონაცემების და უფლებამოსილების ვადის ცვლილება შეიძლება დარეგისტრირდეს
ნებისმიერი პარტნიორის მოთხოვნის საფუძველზე.
პარტნიორის წილის მმართველის რეგისტრაცია შეიძლება შესაბამისი პარტნიორის
მოთხოვნის საფუძველზე.
არის თუ არა ვალდებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ან
სააქციო საზოგადოება სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს კაპიტალის
ოდენობა, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე?
arrow_drop_down_circle
სარეგისტრაციო მონაცემებში შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების
კაპიტალის ოდენობის მითითება ყველა შემთხვევაში სავალდებულო არ არის.
თუმცა, არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია მიეთითოს დაფუძნების
მომენტისთვის კაპიტალის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას შეუძლია მომავალში მიიღოს
წილების განთავსების შესახებ გადაწყვეტილება (ნებადართული კაპიტალი).
ასევე, შესაძლებელია მიეთითოს განთავსებული კაპიტალის ოდენობა.
სააქციო საზოგადოების შემთხვევაში, სარეგისტრაციო მონაცემებში
სავალდებულოდ უნდა მიეთითოს სააქციო საზოგადოების რეგისტრაციის
მომენტისთვის განთავსებული კაპიტალის ოდენობა. ასევე, სავალდებულოდ უნდა
მიეთითოს განაღდებული კაპიტალის ოდენობა. ამასთან, არსებობის
შემთხვევაში, შესაძლებელია ნებადართული კაპიტალის ოდენობის მითითება.
სააქციო საზოგადოების განთავსებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა სააქციო
საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისთვის უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, 100
000 ლარს. განაღდებული კაპიტალი ფულადი სახით უნდა იყოს შევსებული და იგი
უნდა შეადგენდეს განთავსებული კაპიტალის, სულ მცირე, 25%-ს.
არის თუ არა შესაძლებელი მეწარმემ გამოიყენოს უკვე რეგისტრირებული
სუბიექტის საფირმო სახელწოდება, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის
მოთხოვნებიდან გამომდინარე?
arrow_drop_down_circle
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, დაუშვებელია მეწარმის
საფირმო სახელწოდებაში საქართველოში რეგისტრირებული სხვა იურიდიული პირის
სახელწოდების იდენტური ან მიმსგავსებული ფორმულირების გამოყენება, ამ
პირის თანხმობის გარეშე. ამრიგად, იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე მოიპოვებს
შესაბამისი პირის თანხმობას, შესაძლებელია უკვე რეგისტრირებული სუბიექტის
სახელწოდების ან ამ სახელწოდების მიმსგავსებული ფორმულირების მის მიერ
გამოყენება.