Phone
consultation hotline
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროს აქციას „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ შეუერთდნენ.
სააგენტოს გუნდმა კამპანიისთვის 3 მთავარი გზავნილი შეარჩია: 1. გაიგე მეტი C ჰეპატიტის გავრცელების წყაროებზე და მუდმივად აკონტროლე ისინი; 2. დაავადების დროულად აღმოჩენა მის დროულად დამარცხებას ნიშნავს; 3. საზოგადოების მხარდაჭერა მედიკამენტებზეარანაკლებ მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების მიზნით, C ჰეპატიტთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრების გამართვასაც გეგმავს. ამ შეხვედრებზე მოწვეული ექსპერტები სააგენტოს თანამშრომლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან დაავადების, მისი პრევენციისა და გავრცელების წყაროების შესახებ.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პაპუნა უგრეხელიძის განცხადებით, C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში თითოეული ადამიანის მონაწილეობა და მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია: „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები სოციალური პასუხიმგებლობის პროექტებში ყოველთვის ენთუზიაზმით ერთვებიან. „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი“ არის აუცილებელი და დროული კამპანია, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით და ამავდროულად, გვსურს, აქციაში ჩასართავად გამოვიწვიოთ ჩვენი კოლეგები იუსტიციის სახლიდან“.
როგორც ცნობილია, 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, გამოხატონ სოციალურ ქსელში საკუთარი მოსაზრება და მიწერონ სამინისტროს 3 გზავნილი თუ როგორ შეიძლება C ჰეპატიტის დამარცხება. აქციაში ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ.
2015 წელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის C ჰეპატიტთან ბრძოლის წელი იქნება. უპრეცედენტო პროექტი თებერვლის დასაწყისში დაიწყება და მისი მიზანი არა მარტო მედიკამენტის მიწოდება, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. რაც პირველ რიგში დაავადების პრევენციას, დაავედებულთა სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფასა და სერვისების მაქსიმალურად მაღალი ხარისხით მიწოდებას გულისხმობს.