Phone
ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა” და “მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 09 აგვისტოს № 36 ბრძანების  შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს მუნიციპალიტეტების რეესტრს.  

მუნიციპალიტეტების რეესტრი წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემურ ერთობლიობას.

მუნიციპალიტეტების რეესტრში აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით);

გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება;

დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე მონაცემთა ასახვის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა).

ამონაწერი მზადდება მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცული ინფორმაციის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ძალაში მყოფ შემდეგ მონაცემებს:

ა) ამონაწერის გამცემი ორგანოს სრული დასახელება;

ბ) ამონაწერის გაცემის თარიღი;

გ) მუნიციპალიტეტის დასახელება, მისი სამართლებრივი ფორმის მითითებით;

დ) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი;

ე) საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები;

ზ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება;

თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა.

თუ ზემოთაღნიშნული რომელიმე მონაცემი არ არის დაცული მუნიციპალიტეტების რეესტრში, ამონაწერში მიეთითება აღნიშნულის შესახებ.

მუნიციპალიტეტების რეესტრიდან ამონაწერი შესაძლებელია მომზადდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ასეთი წესით გაცემული ამონაწერი არ საჭიროებს   უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებას.

 

დამატებითი ინფორმაცია

მუნიციპალიტეტების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www. napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.