ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მუნიციპალიტეტების რეესტრიში მონაცემების ასახვა

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა” და “მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 09 აგვისტოს № 36 ბრძანების  შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს მუნიციპალიტეტების რეესტრს.  

მუნიციპალიტეტების რეესტრი წარმოადგენს მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემურ ერთობლიობას.

მუნიციპალიტეტების რეესტრში აისახება შემდეგი მონაცემები:

ა) მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით);

გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება;

დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა.

მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე მონაცემთა ასახვის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა).

განცხადებისა და დოკუმენტაციის  წარდგენის წესი

მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემების ასახვას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის  განცხადების საფუძველზე, რომელიც  უნდა შეიცავდეს იმ მონაცემებს რაც “მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 09 აგვისტოს № 36 ბრძანების  მე-3 მუხლით  აისახება მუნიციპალიტეტების რეესტრში.

მუნიციპალიტეტის დასახელების, თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების სახელწოდების, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის, მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო ნომრისა და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემთხვევაში, რეესტრში ცვლილებას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მონაცემების ცვლილების თაობაზე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ ცვლილების საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს სამი დღის  ვადაში.

 მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემთა ასახვის ვადა

სააგენტო მუნიციპალიტეტების მონაცემთა ასახვას უზრუნველყოფს წერილობითი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენიდან  7 დღის ვადაში საფასურის გარეშე.

მუნიციპალიტეტის რეესტრი განახლებული სახით უნდა გამოქვეყნდეს  მუნიციპალიტეტის მონაცემის ნებისმიერი ცვლილების ასახვის დღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

დამატებითი ინფორმაცია

თუ დაინტერესებული პირის განცხადება არ შეიცავს “მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 09 აგვისტოს № 36 ბრძანების  მე-3 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემს, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით მოითხოვოს რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა.

მუნიციპალიტეტების რეესტრიდან  ამონაწერის მიღება შესაძლებელია ვებ–გვერდზე www. napr.gov.ge,  საჯარო რეესტრის ნებისმიერ ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში, იუსტიციის სახლებსა და საჯარო რეესტრის ავტორიზებულ პირებთან.