Phone
ხშირად დასმული კითხვები

 როდიდან ითვლება ყადაღა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად? 

ყადაღა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

 რა იგულისხმება საჯაროსამართლებრივ შეზღუდვაში? 

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვაში იგულისხმება უძრავ და მოძრავ ნივთებსა  (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე კანონით დადგენილი წესით დადებული ყადაღა, უფლების განკარგვის შეზღუდვა და აკრძალვა, აგრეთვე რეგისტრაციის აკრძალვა. 

 რომელი ორგანო არის უფლებამოსილი  უძრავ და მოძრავ ნივთებს  (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს დაადოს საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა? 

უძრავ და მოძრავ ნივთებსა  (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებისა) და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე კანონით დადგენილი წესით საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის დადების უფლებამოსილება აქვს სასამართლოს, ასევე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, არბიტრაჟს, საგადასახადო ორგანო და სხვა. 

 რა სავალდებულო მონაცემებს უნდა შეიცავდეს საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი ? 

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისთვის სავალდებულოა წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტი შეიცავდეს შეზღუდვის სუბიექტისა და ობიექტის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს. 

 თუ ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია, შესაძლებელია თუ არა  საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია? 

დაუშვებელია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, თუ ნივთზე და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენის მომენტისათვის ეს ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე სხვა პირის საკუთრებაშია. 

 გამორიცხავს თუ არა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას? 

რეგისტრირებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა გამორიცხავს ამ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რაიმე სხვა უფლების ან საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაციას, თუ შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტით სხვა რამ არ არის დადგენილი (გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა). 

 როგორ შეიძლება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების გადამოწმება? 

საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ონლაინ,  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge 

 რა შემთხვევაში გამოიყენება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა? 

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკას სახელმწიფო იყენებს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე წარმოშობილი საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად. 

 რომელი ორგანო არის უფლებამოსილი  საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის დადებაზე? 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის დადებაზე უფლებამოსი ორგანო არის სსიპ შემოსავლების სამსახური. 

 რაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება? 

საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ვრცელდება დავალიანების მქონე პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ მთელ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით.

  რა მომენტიდან წარმოიშობა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება? 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება წარმოიშობა  პირის დავალიანების წარმოშობასთან ერთად და საჯარო რეესტში რეგისტრაციის მომენტიდან. 

 უზღუდავს თუ არა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება ქონების მესაკუთრეს ქონების განკარგვას? 

ქონებაზე წარმოშობილი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა მესაკუთრეს არ ზღუდავს ქონების განკარგვისგან, ამასთან,  თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მესაკუთრის მიმართ.

 

 მზადდება თუ არა ამონაწერი საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება რეგისტრაციისას? 

ამონაწერი ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციისას არ მზადდება. 

 როგორ შეიძლება საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების გადამოწმება? 

საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის ძალაში არსებული მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია სუბიექტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით ონლაინ,  სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.napr.gov.ge