Phone
ხშირად დასმული კითხვები

 მიიღებს თუ არა მარეგისტრირებელი ორგანო სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს? 

სხვა სახელმწიფოში შესრულებულ დოკუმენტებს მარეგისტრირებელი ორგანო მიიღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი ლეგალიზებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დოკუმენტის ლეგალიზება არ მოითხოვება. 

 შესაძლებელია თუ არა რეგისტრირებული მონაცემების გასაჩივრება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენით? 

საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია და მათი კანონიერების შესახებ დავის არსებობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენას მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. ასეთი დავის არსებობის შემთხვევაში მისი გადაწყვეტის უფლებამოსილებას მოქმედი კანონმდებლობა ანიჭებს მხოლოდ სასამართოს. 

 სად შეიძლება გასაჩივრდეს უძრავ ნივთებზე უფლებათა  რეგისტრაციასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება? 

თუ ჩვენ გვსურს გავასაჩივროთ უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ, თავდაპირველად ერთჯერადად საჩივრით უნდა მივმართოთ მარეგისტრირებელი ორგანოს ზემდგომ ორგანოს, ხოლო საჩივარზე უარყოფითი პასუხის მიღების შემთხვევაში – სასამართლოს.

თუ ჩვენ გვსურს გავასაჩივროთ უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის\იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების და მასში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება, უნდა მივმართოთ სასამართლოს.

სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს რეგისტრირებული მონაცემების მოქმედებას და არ კრძალავს ამ მონაცემების საფუძველზე ამონაწერის თუ სხვა სამართლებრივი აქტის გაცემას. 

 შესაძლებელია თუ არა გარიგების დადება (დამოწმება) საჯარო რეესტრის ან იუსტიციის სახლის სხვადასხვა ტერიროტიულ სარეგისტრაციო სამსახურებში? 

ერთი და იგივე შინაარსის მქონე გარიგება შესაძლებელია დამოწმებულ იქნას საჯარო რეესტრის ან იუსტიციის სახლის სხვადასხვა ტერიტორიულ სამსახურში და ასეთი გარიგება (წერილობითი ფორმის ორივე ეგზემპლიარი ერთდროულად) ჩაითვლება  რეგისტრაციის საფუძვლად.

მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებას გამყიდველი ხელს მოაწერს თბილისის იუსტიციის სახლის ოპერატორთან, ხოლო მყიდველი ანალოგიური შინაარსის მქონე ხელშეკრულების მეორე ეგზემპლიარს ხელს მოაწერს ქუთაისის იუსტიციის სახლში შესაბამის ოპერატორთან. ამასთან, ორივე ხელმოწერა აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული შესაბამისი წესით.

 შესაძლებელია თუ არა დაინტერესებულ პირს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი საფასური? 

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური სრულიად უბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ:
ა) პირს არ უსარგებლია გადახდილი საფასურის შესაბამისი საჯარო რეესტრის წარმოებით ან ხელმისაწვდომობით
ბ) საფასური გადახდილია საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ
გ) სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა

ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირის მიერ საფასური გადახდილია კანონმდებლობით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მაშინ მას უბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონმდებლობით დადგენილ განაკვეთს შორის. 

 რა შემთხვევაში არ უბრუნდება დაინტერესებულ პირს მის მიერ გადახდილი საფასური? 

დაინტერესებულ პირს გადახდილი საფასური არ უბრუნდება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის,  სარეგისტრაციო წარმოებაზე ან/და საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის თაობაზე უარის თქმის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა).

 შესაძლებელია თუ არა მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების (სახელი ან სხვა მონაცემი) ცვლილება და მესაკუთრის მიერ მის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვისას (გასხვისება, იპოთეკის უფლებით დატვირთვა და სხვა) უფლების რეგისტრაცია განხორციელდეს ერთი სარეგისტრაციო განაცხადით? 

ვინაიდან საიდეინტიფიკაციო მონაცემების ცვლილება ექვემდებარება უფასო რეგისტრაციას, მასთან ერთად უფლების რეგისტრაცია შესაძლებელია განხორციელდეს ერთი სარეგისტრაციო განცხადებით და ერთი მომსახურების საფასურის გადახდით.

 იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მოთხოვნილია მხოლოდ რომელიმე უფლების/ვალდებულების რეგისტრაცია და არ არის მოთხოვნილი საიდეინტიფიკაციო მონაცემების ცვლილება,  მაგრამ  სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ  მესაკუთრის საიდეინტიფიკაციო მონაცემები შეცვლილია, რეგისტრატორი ვალდებულია უფლების რეგისტრაციის პარარელურად, მოახდინოს საიდეინტიფიკაციო მონაცემების ცვლილებაც (მიუხედავად ასეთი მოთხოვნის არარსებობისა).

 თუ დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაუქმებულია (ვადის გასვლა, მისამართის ცვლილება ან/და სხვა მიზეზით) და ამ პირის მიერ საიდეინტიფიკაციო დოკუმენტად დამატებით წარმოდგენილი იქნება ძალაში მყოფი პასპორტი, შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება პიროვნების იდენტიფიცირებისთვის?

პიროვნების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს როგორც მოქალაქის პირადობის მოწმობა, ისე პასპორტი. შესაბამისად, თუ წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში მყოფი პასპორტი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის თანახმად, პირადობის მოწმობა გაუქმებულია, პასპორტი ჩაითვლება როგორც პიროვნების საიდეინტიფიკაციო დოკუმენტი.


გამონაკლისი შემთხვევაა, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ბაზის თანახმად, პირადობის მოწმობა გაუქმებულია საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო. აღნიშნულ შემთხვევაში  დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი პასპორტი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც მისი მაიდეინტიფიცირებელი დოკუმენტი.

 ტოპოლოგიის რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია? 

საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია უნდა აკმაყოფილებდეს ტოპოლოგიის შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ხაზოვან და პოლიგონურ ფენებში არ უნდა იყოს გადაკვეთა და გადაფარვა
ბ) წარმოდგენილ ფენაში არ უნდა არსებობდეს ჩანაწერი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი გრაფიკული ელემენტი, ან ერთნაირი ჩანაწერი ერმანეთთან დაუკავშირებელ ობიექტზე
გ) ნაკვეთის ხაზოვან ფენაში არ უნდა იყოს გაორმაგებული და გაწყვეტილი ხაზები
დ) შენობა-ნაგებობების საზღვრები არ უნდა კვეთდეს ნაკვეთის საზღვრებს (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა ნაგებობისა და იმ შემთხვევისა, როცა მიწის ნაკვეთის საზღვარი წარმოდგნილია ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ)
ე) წერტილოვან ობიექტზე გამავალი შესაბამისი კომუნიკაციის ხაზის წვეტის წერტილი უნდა ემთხვეოდეს ამ სიმბოლოს. 

 რა ინფორმაცია უნდა ახლდეს საკადასტრო აზომვით ნახაზს და ვის მიერ უნდა იყოს დამოწმებული საკადასტრო ნახაზი? 

საკადასტრო აზომვით ნახაზს თან უნდა ერთოდეს წერილობითი ინფორმაცია საკადასტრო აღწერის დამსწრეთა და უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის არსებობის შესახებ.

საკადასტრო აზომვითი ნახაზი დამოწმებული უნდა იყოს დაინტერესებული პირის, უძრავი ნივთის მოსაზღვრე უძრავი ნივთის (ნივთების) მართლზომიერი მფლობელის ან მესაკუთრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკადასტრო აღწერის დამსწრეთა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. ხოლო, თუ საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირი იურიდიული პირია _ დამატებით იურიდიული პირის ბეჭდით. 

 რა ფარგლებში უნდა იქნეს გათვალისწინებული საკადასტრო აზომვით ნახაზზე ობიექტის აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე?

საკადასტრო აღწერისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ობიექტების აზომვისა და გამოსახვის სიზუსტე  0.15 მ-ისა. 

 ვის ეკისრება წარმოდგენილი აზომვითი ნახაზის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა? 

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N388 დადგენილებით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებისა და დოკუმენტირების წესი, რის მიხედვითაც გაიმიჯნა პასუხისმგებლობა ამზომველსა და მესაკუთრეს შორის. კერძოდ, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობასა და საზღვრის იდენტიფიცირებაზე პასუხისმგებელია მესაკუთრე, ხოლო აზომვითი სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასა და ნახაზის სისწორეზე კი - ამზომველი.

 შეიძლება თუ არა საკადასტრო აზომვითი ნახაზი მომზადდეს ორთოფოტოს საფუძველზე, ადგილზე გაუსვლელად?

გაცნობებთ, რომ უძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი მზადდება უძრავი ნივთის ადგილზე გასვლით ჩატარებული ზუსტი საკადასტრო აზომვის შედეგად (შესაბამისი გეოდეზიური ხელსაწყოების გამოყენებით) და არა ორთოფოტოზე დახაზვით ანუ დიგიტალიზაციით.

 იმ შემთხვევაში, როდესაც აზომვათი ნახაზის მიხედვით მიწის ნაკვეთის ან შენობის მდებარეობა არ ემთხვევა 2014 წლის ორთოფოტოს, წარმოსადგენია თუ არა რაიმე დამატებითი დოკუნებტი?

როდესაც რეგისტრაცია ჩერდება იმ მიზეზით, რომ მიწის ნაკვეთის ან შენობის მდებარეობა არ ემთხვევა 2014 წლის ორთოფოტოს, დამატებით წარმოდგენილ უნდა იქნეს აზომვაზე უფლებამოსილი პირის დასკვნა, ჩატარებული აზომვითი სამუშაოს სიზუსტისა და მეთოდის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენისა და განხილვის შემდგომ  მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი? 

ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ადგილმდებარეობას\მისამართს
ბ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის დანიშნულებას და მდგომარეობას (მშენებარე ან აშენებული)
გ) ინდივიდუალური საკუთრების საგნის ფართობს
დ) შიდა სასაზღვრე გვერდების ზომებს (თუ მათი გამოსახვა შესაძლებელია)
ე) საკადასტრო აღწერის თარიღს

ვ) ამზომვაზე უფლებამოსილი და დაინტერესებული პირების ხელმოწერას. 

ინდივიდუალური საკუთრების საგნის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქაღალდის მატარებელზე 1:100 – 1:500 მასშტაბში. 

სარდაფის საკადასტრო აზომვითი ნახაზი უნდა აკმაყოფილებდეს  ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 68-ე პუნქტის თანახმად სარდაფისათვის დადგენილ მოთხოვნას.

 რა ინფორმაციას უნდა შეიცავდეს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია?

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობას\მისამართს
ბ) მიწის ნაკვეთის დანიშნულებას უფლების დამდგენი დოკუმენტის  მიხედვით
გ) მიწის ნაკვეთის ფართობს
დ) საზღვრების გვერდების ზომებს, თუ მათი გამოსახვა შესაძლებელია
ე) შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას, და განაშენიანების ფართობს
ვ) უფლებრივი შეზღუდვის ან\და დატვირთვის საზღვრებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ზ) ჩრდილოეთის მიმართულების მაჩვენებელ ნიშანს
თ) საკადასტრო აღწერის თარიღს
ი) პირობით ნიშნებს

კ) სახელმწიფო მეტრულ კოორდინატთა ბადეს

ლ) მასშტაბს (მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი რეკომენდირებულია წარმოდგენილ იქნეს შემდეგ მასშტაბში: 1:500, 1:1000, 1:2000 ან 1:5000)

მ) დაიტერესებული პირის პირად ნომერს და ხელმოწერას

ნ) საკადასტრო აღწერაზე უფლებამოსილი პირის მონაცემებს და ხელმოწერას, იურიდიული პირის შემთხვევაში ბეჭდით დამოწმებას

ო) მოსაზღვრე მიწისნაკვეთებს (მართლზომიერ მფლობელებს/მესაკუთრეებს)

პ) საკადასტრო აღწერაზე დამსწრე პირებს

 რეგისტრაციის მიზნებისათვის აუცილებელია თუ არა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს მიერ ელექტრონულად გაცემული დოკუმენტების ასლის დამოწმება კანონმდებლობით დადგენილი წესით?

 2012 წლის 20 სექტემბრიდან ელექტრონულად გაცემული დაბადების, ქორწინების,  განქორწინების, მამობის დადგენის, სახელის და/ან გვარის შეცვლის, შვილად აყვანის და  გარდაცვალების მოწმობების ვალიდურობის გადამოწმება შესაძლებელია მასზე მითითებული მოწმობის ნომრის, მოწმობის ტიპისა და საკონტროლო კითხვების საშუალებით.

შესაბამისად, მოწმობები, რომლებიც გაცემულია 2012 წლის 20 სექტემბრიდან სარეგისტრაციო განცხადებას უნდა დაერთოს მხოლოდ ასლების სახით და  მათი სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო.  ხოლო 2012 წლის 20 სექტემბრამდე გაცემული მოწმობები   წარმოდგენილი უნდა იყოს  დედნის ან სანოტარო ფორმით დამოწმებული სახით.

 რა დოკუმენტაციის წარმოდგენა არის სავალდებულო კორპუსის ბინაზე განხორციელებული მიშენების ფართის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად? 

კორპუსის (მრავალბინიანი შენობის) ბინაზე მიშენების ფართის საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად აუცილებელია მოხდეს აღნიშნული ფართის ბინის ფართთან ერთად აზომვა. აღნიშნული შიდა აზომვითი ნახაზის საფუძველზე კი საჯარო რეესტრში განხორციელდება ბინის და მიშენების საერთო ფართის რეგისტაცია (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმის წარმოდგენა სავალდებულო არ არის).

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რეგისტრაციით ვერ გადაწყდება განხორციელებული მიშენების კანონიერების საკითხი. მიშენების კანონიერების დადგენის უფლებამოსილება აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს.