ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურა (NSDI)

ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და ელექტრონული სერვისების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბების, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, 2013 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო №262 დადგენილება, საქართველოში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ, ხოლო დებულებით განისაზღვრა  კომისიის მიზანი, სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი.

 

სამთავრობო კომისია უზრუნველყოფს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების, სივრცითი მონაცემების და მეტამონაცემების შეგროვების, შენახვის, განახლებისა და გაზიარების ეროვნული სტანდარტების ჩამოყალიბებას, ქვეყნის ერთიანი გეოინფორმაციული პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების, ამოცანების და პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, საქართველოს მთავრობის ერთიანი პოლი­ტიკისა და მასთან დაკავშირებული პროცესების მართვის გაუმჯობესებას.

სამდივნო წარმოადგენს ტექნიკური მმართველობის დონეს, რომლის ძირითადი ფუნქციაა  სამთავრობო კომისიისა და თემატური სამუშაო ჯგუფების საქმიანობის კოორდინაცია, ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინტელექტუალურ-ინფორმაციული უზრუნველყოფა.

თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც  იქმნება  სა­მინისტროების, სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, მუშაობენ სამთავრობო კომისიის მიერ განსაზღვრულ ამოცანებზე, საქმიანობის თემატიკიდან გამომდინარე.

აღნიშნული დადგენილების მეოთხე მუხლით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის, ექსპლუატაციისა და განვითარების პროცესების კოორდინაციის უზრუნველყოფა.

სამთავრობო კომისიამ ჩამოაყალიბა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შექმნის და განვითარების ძირითადი მიზანი: სივრცითი ინფორმაციის მოძიებისა და გამოყენების სიმარტივე და ხელმისაწვდომობა.

მიზნის მისაღწევად განისაზღვრა სტრატეგიული ამოცანები და ინსტიტუციური სტრუქტურა:

  • ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) უპირატესობები კარგად არის ცნობილი. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის დანერგვის პროცესში, მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, საკანონმდებლო, ტექნიკურ და ორგანიზაციულ დონეებზე საჭიროებებისა და უპირატესობების განსაზღვრისათვის.

 

  • სივრცითი მონაცემების წარმოება და მიწოდება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.

სივრცითი მონაცემების წარმოება და გამოყენება, უნდა იმართებოდეს ნათელი და მარტივი საკანონმდებლო წესებით. კანონმდებლობა, უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული მმართველობის განვითარების მოთხოვნებს და თანაბრად ითვალისწინებდეს საზოგადოებაში არსებულ სასიცოცხლო ინტერესებს - ხელშეუხებლობას, საიდუმლოებას, უსაფრთხოებას და მონაცემებზე მომხმარებლის მარტივი წვდომისა და გამოყენების საჭიროებას.

  • სივრცითი მონაცემების გამოყენების პირობები და საფასური მარტივი და თანაბარია.

სივრცითი მონაცემების გამოყენების პირობებმა და საფასურმა, ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნულის ფართოდ გამოყენებას. ინფორმაციის გამოყენების პირობები და საფასური, უნდა იყოს შესაბამისი, დისკრიმინაციისგან თავისუფალი და ნათლად აღწერილი. ლიცენზირების წარმართვა, უნდა ხდებოდეს სწრაფად და მომხმარებელს აძლევდეს მონაცემებზე ადვილად წვდომის საშუალებას.

  • სივრცითი მონაცემები და ელექტრონული სერვისები წარმოდგენილია მომხმარებლისთვის მარტივად გასაგები და მოსახერხებელი ფორმით.

მეტამონაცემების კატალოგის სისტემაში, სივრცითი მონაცემები და სერვისები აღწერილი უნდა იყოს მარტივი, ერთგვაროვანი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ფორმით. მეტამონაცემი აღწერს მონაცემებისა და სერვისების შინაარსსა და ხარისხს, ასევე, მათზე წვდომისა და გამოყენების პირობებს, რაც აადვილებს მონაცემებისა და სერვისების მოძიებასა და გამოყენებას.

  • საბაზისო სივრცითი მონაცემების წარმოება პრიორიტეტულია, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების კომბინირება კი მარტივია.

მნიშვნელოვანია მომხმარებელთა მოთხოვნების შესაბამისი, გეოგრაფიული მონაცემთა ბაზების ფორმირება INSPIRE-ის ტექნიკური სპეციფიკაციების საფუძველზე და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.  მონაცემთა ერთობლივად წარმოდგენის, შესწავლისა და ანალიზის მიზნით, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების კომბინირება, უნდა იყოს მარტივად შესაძლებელი.

  • ელექტრონული სერვისები ადვილად ხელმისაწვდომია და აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნებს.

მონაცემების გაზიარება სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის კონცეფციის საკვანძო ელემენტია, რადგან სივრცითი მონაცემები სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება. უახლოეს მომავალში, მომხმარებლები და სივრცითი მონაცემების მწარმოებლები, ურთიერთობისთვის გამოიყენებენ ინტერნეტზე დამყარებულ ელექტრონულ სერვისებს, რაც გააადვილებს და უფრო ეფექტურს გახდის მონაცემებზე წვდომას, ასევე შესაძლებელს გახდის მონაცემთა შენახვის დუბლირების თავიდან აცილებას.

  • საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საქმიანობა სათანადოდ კოორდინირებულია.

საქართველოს ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის საქმიანობა, უნდა იყოს სათანადოდ კოორდინირებული და ეფექტურად დაკავშირებული ევროკავშირის მიდგომებთან, კერძოდ  INSPIRE-ის დირექტივის განხორციელებასთან. სათანადო კოორდინაცია მოითხოვს მაკოორდინირებელ ორგანოებთან შესაბამისი ინსტიტუციური სტრუქტურის ფორმირებას, როგორც პოლიტიკურ, ისე ტექნიკურ დონეზე.

  • სათანადო ცოდნა და გამოცდილება NSDI-ის შექმნის, გამოყენებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიის წარმატება, მნიშვნელოვნადაა  დამოკიდებული სათანადოდ მომზადებული და მოტივირებული კადრების არსებობაზე. შრომითი რესურსების განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტებში მომუშავე პერსონალის განათლებისა და კვალიფიკაციის მაღალი დონე, პროექტის წარმატების ძირითადი წინაპირობაა.