Phone
GEO-CORS

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ GEO-CORS ელექტრონული სისტემების დანერგვა დაასრულა

ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 23 სადგური. აქედან, 7 ა კლასის სადგური - მთელი საქართველოს ერთიან სივრცობრივ ბადეს ქმნის, ხოლო 16 ბ კლასის სადგური - სრულად და უფრო მეტი სიზუსტით ფარავს ქვეყნის ტერიტორიას.

GPS სადგურების ანუ უწყვეტი, მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების ქსელის (CORS) დაარსება სააგენტომ 2010 წლიდან დაიწყო. ამ დრომდე დამონტაჟებული სადგურების ქსელს უკვე ლაგოდეხის, ცაგერისა და ხულოს რაიონებიც დაემატა.

GPS სადგურები იზოლირებული და დაცულია, აშენებულია მყარ გრუნტზე, აქვს დამოუკიდებელი კვების წყარო, სეისმური დაკვირვებისთვის ხელსაყრელი მდებარეობა და სხვ.
GEO- CORS –ის სისტემის გამოყენებით მიწის აზომვა შესაძლებელი გახდა დაჩქარებული მეთოდითა და გაცილებით იაფი აღჭურვილობით. გარდა ამისა, უზრუნველყოფილია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზის სიზუსტე და ხარისხი, რაც საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მთავარ მონაცემს წარმოადგენს.

CORS-ის სისტემა ასევე გამოიყენება ნავიგაციისთვის, სეისმური კვლევებისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, მშენებლობის დაგეგმარებისათვის, ტოპოგრაფიული სამუშაოების, საკადასტრო გადაღებებისა და ქვეყნის გეოდეზიური შესაძლებლობების მოდერნიზებისთვის, რაც ასევე საერთაშორისო გეოდეზიური სტანდარტების საფუძველს წარმოადგენს.
დღეისთვის GEO CORS –ის სისტემაში ჩართულია საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო კომპანიები, რომლებიც 2011 წლიდან აღნიშნული ქსელით უფასოდ სარგებლობენ.

GEO-CORS--ის სისტემის დანერგვის შემდეგ, 2012 წელს სააგენტო საერთაშორისო ორგანიზაცია EUPOS-ის (ადგილმდებარეობის განსაზღვრის ევროპული სისტემის) ასოცირებული წევრი გახდა.

http://geocors.napr.gov.ge/spiderweb/frmIndex.aspx